რუმინული მედიის ინფორმაციით, დღეს, 26 თებერვალს, ულტრამემარჯვენე და პრორუსული განწყობების მქონე პოლიტიკოსი კალინ ჯორჯესკუ დააკავეს და გენერალურ პროკურატურაში გადაიყვანეს.
G4Media-ს წყაროების ცნობით, ჯორჯესკუ გენერალური პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების სამიზნეა, რომლის ფარგლებშიც მას ფაშისტურ ორგანიზაციაში ჩართულობა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სადავო იდეოლოგიებისა და პირების, მათ შორის, იონ ანტონესკუს პოპულარიზაცია ედება ბრალად. ხოლო Digi24-ის ინფორმაციით, მას ასევე ბრალად წინასაარჩევნო კამპანიის ფინანსებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის მიწოდებაც ედება.
ამავე დღეს, პროკურატურამ მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში, რომელიც 5 ქვეყნიდან 27 პირს ეხება, 47 სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკების დროს გამომძიებლებმა შეიარაღება, საბრძოლო მასალები და დიდი რაოდენობით თანხა ამოიღეს, მათ შორის, €900 000-ის ოდენობის თანხა პოტრას სახლიდან.
G4Media-ს ინფორმაციით, საქმე ჯორჯესკუს დაცვის გუნდის უფროსს, ჰორაციუ პოტრას ეხება, რომელიც ასევე ყოფილი დაქირავებული მებრძოლია. რუმინული მედიის ცნობით, პოტრას წინააღმდეგ გამოძიება "ფაშისტური, რასისტული ან ქსენოფობიური ხასიათის ორგანიზაციის შექმნის ან დაარსების" საფუძველზე მიმდინარეობს.
პოტრასთან დაკავშირებით მომხდარ ჩხრეკებს დღეს დილით ჯორჯესკუ Facebook-ზე გამოეხმაურა და თქვა, რომ პროკურორები "ცდილობენ, მტკიცებულებები გამოიგონონ, რათა არჩევნების მოპარვა გაამართლონ".
პოტრა, რომელიც საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ყოფილი მებრძოლია, ცნობების მიხედვით, 900-კაციან რუმინელი სამხედრო კონტრაქტორების კონტინგენტს ხელმძღვანელობდა, რომელიც კონგოში იბრძოდა. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას კავშირები რუსულ კსკ ვაგნერთანაც აქვს, თუმცა პოტრა ამ ინფორმაციას უარყოფს.
ამასთანავე, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთ სურათში პოტრა წინა წელს რუსეთის ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე რუმინეთში რუსეთის ელჩის, ვალერი კუზმინის გვერდით ჩანს. რუმინული მედია ასევე წერს, რომ 2011 წელს პოტრას ორწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს ნახევრადსამხედრო დაჯგუფების შექმნისთვის.
9 დეკემბერს რუმინეთის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად ჩატარებულ კოორდინირებულ კიბერკამპანიასთან დაკავშირებით ფინურმა კომპანია Check First-მა ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Meta-მ 4 140 Facebook გვერდს საშუალება მისცა, ჯორჯესკუს მეტოქე ელენა ლასკონიზე თავდასხმითი ხასიათის პოსტები გამოექვეყნებინათ, ხოლო ჯორჯესკუსთვის პოპულარიზაცია გაეწიათ.
მონაცემების მიხედვით, აღნიშნული კამპანია 160 მილიონამდე მომხმარებელს შეეხო და Meta-ს სარეკლამო პოლიტიკა დაარღვია. გავრცელებული ინფორმაციით, სოციალური ქსელის მეშვეობით ეს თავდასხმები $176 000-დან $280 000-მდე დაჯდა.
24 ნოემბრის რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ანულირებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი კოორდინირებულ ონლაინ კამპანიას აწარმოებდა, რათა კალინ ჯორჯესკუს გაემარჯვა.
ამასთანავე, ევროკავშირმა TikTok-ის წინააღმდეგ რუმინეთის არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიხედვით, სოციალური მედიის პლატფორმამ, შესაძლოა, ევროკავშირის ციფრული წესდება დაარღვია რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ რისკების გამკლავების პროცესში.
24 ნოემბერს გამართულ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე დამოუკიდებელი პრორუსული განწყობების მქონე კანდიდატი, კალინ ჯორჯესკუ გავიდა. ის კამპანიას ძირითადად სოციალურ ქსელ TikTok-ზე აწარმოებდა. იგი პლატფორმაზე აქტიურად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისადმი რუმინეთის დახმარებას და სკეპტიკურად არის განწყობილი NATO-სა და ევროკავშირის მიმართ.
გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით ცნობილი გახდა, რომ TikTok-ზე "ინფლუენსერებმა", ჯამში, $381 000-ის ოდენობის თანხა მიიღეს პლატფორმაზე ჯორჯესკუს მხარდასაჭერად.





