რუმინეთი

რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგები დაამტკიცა

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
Inquam Photos/Octav Ganea via REUTERS

2 დეკემბერს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ხმების გადათვლის შემდეგ, პირველი ტურის შედეგები ოფიციალურად დაამტკიცა.

28 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ საარჩევნო კომისიას ხმების ხელახალი დათვლა დაავალა. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, სებასტიან პოპესკუს, საჩივარი იყო, რომელშიც იგი კალინ ჯორჯესკუს საარჩევნო კამპანიის ფინანსური წყაროების გაუმჭვირვალობაში ადანაშაულებდა.

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს გაიმართება, სადაც ერთმანეთს პრორუსული განწყობების მქონე დამოუკიდებელი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ და ლიბერალი კანდიდატი ელენა ლასკონი დაუპირისპირდებიან.

24 ნოემბერს გამართული პირველი ტურის შედეგებით ჯორჯესკუმ 23%-იანი მხარდაჭერით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ლასკონიმ ხმების 19.18% მოიპოვა. მოქმედი სოციალ-დემოკრატი პრემიერმინისტრი მარჩელ ჩოლაკუ, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, მესამე ადგილზე გავიდა.

წინასაარჩევნო ეგზიტპოლები და კვლევები აჩვენებდნენ, რომ პირველ ადგილზე მმართველი პარტიის კანდიდატი გავიდოდა, ჯორჯესკუზე კი ვარაუდობდნენ, რომ ის ხმების დაახლოებით 5%-ს მოიპოვებდა. 

ჯორჯესკუ წარსულში პარტია ალიანსი რუმინელთა ერთობისთვის (AUR) წევრი იყო, თუმცა წლევანდელ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყო წარმოდგენილი და კამპანიას ძირითადად სოციალურ ქსელ TikTok-ზე აწარმოებდა. იგი პლატფორმაზე აქტიურად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისადმი რუმინეთის დახმარებას. NATO-სა და ევროკავშირის მიმართ საკუთარი სკეპტიციზმის მიუხედავად, ჯორჯესკუმ 26 ნოემბერს Youtube ვიდეოში განაცხადა:

"მე არ მსურს NATO-ს დატოვება, მე არ მსურს ევროკავშირის დატოვება, მაგრამ მე მსურს, რომ ვიდგეთ მტკიცედ, არ დავეთანხმოთ ყველაფერს და ვიმოქმედოთ ჩვენ ეროვნულ ინტერესებში".

წარსულში მან რუმინეთის ქალაქ დევესელუში NATO-ს ბალისტიკური რაკეტების თავდაცვის სისტემას "დიპლომატიის სირცხვილი" უწოდა. მისი თქმით, NATO რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არცერთ თავის წევრს არ დაიცავს.

მეორე ტურში ჯორჯესკუს მოწინააღმდეგე ელენა ლასკონი იქნება, რომელიც ყოფილი ომის კორესპონდენტია და რუმინეთის გადარჩენის კავშირს (USR) 2018 წელს შეუერთდა, პარტიის ხელმძღვანელი კი წელს გახდა. ლასკონი უკრაინის დახმარებასა და თავდაცვის ხარჯების გაზრდას უჭერს მხარს.

მეორე ტურის შედეგებზე, სავარაუდოდ, დიდი გავლენა ექნება სოციალ-დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველთა პოზიციას, რადგან მოქმედ პრემიერმინისტრს ჯერ არცერთი კანდიდატისთვის არ გამოუცხადებია მხარდაჭერა.

კომენტარები