რუმინეთი

რუმინეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის თქმით, NATO-ს მიერ თავდაცვის ხარჯების ზრდას მხარს უჭერს

ნიკუშორ დანი
© Daniel Mihăilescu/AFP via Getty Images

რუმინეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ნიკუშორ დანის თქმით, რუმინეთი მხარს დაუჭერს NATO-ს თავდაცვის ხარჯების გაზრდის გეგმას. 

Financial Times-თან ინტერვიუში დანმა თქვა, რომ მისმა ქვეყანამ, როგორც ევროკავშირისა და NATO-ს წევრმა და უკრაინის ერთგულმა მხარდამჭერმა, ნათელი არჩევანი გააკეთა, როდესაც იგი პრეზიდენტად აირჩია, ნაცვლად ანტიუკრაინული და ევროსკეპტიკური შეხედულებების მქონე კანდიდატ ჯორჯე სიმიონისა. 

"ჩვენ დავრჩებით ნაწილი ევროპული ძალისხმევისა, დავეხმაროთ უკრაინას ყველაზე სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში. ეს ნიშნავს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას და ევროპულ ძალისხმევაში მონაწილეობას, საკუთარ თავზე აიღოს თავისივე უსაფრთხოება". - თქვა დანმა. 

ახლადარჩეული პრეზიდენტის თქმით, რუმინეთი მზადაა, გაზარდოს თავდაცვის ხარჯები NATO-ს მიერ დასახული მინიმუმის შესაბამისად, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5%-ს შეადგენს. ამავდროულად, რუმინეთი, დანის თქმით, მშპ-ს დამატებით 1.5%-ს დახარჯავს ინფრასტრუქტურასა და კიბერუსაფრთხოებაზე. 

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარის ფონზე, რომ აშშ NATO-დან გამოვა, თუკი ალიანსის სხვა წევრი სახელმწიფოები 5%-ზე მეტს არ გადაიხდიან, 3.5%-იან ნიშნულზე NATO-ს ლიდერები, დიდი ალბათობით, ივნისში დაგეგმილ სამიტზე შეთანხმდებიან. NATO-ს ამჟამინდელი მიზანი მშპ-ს 2%-ს შეადგენს. 

"დიახ, მე ამას მხარს ვუჭერ. ჩვენ ამასთან თანხვედრაში მოვალთ". - თქვა დანმა და დაამატა, რომ თავდაცვის ხარჯების ზრდის დროითი ჩარჩო აშშ-სთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად იქნება განხილული. 

დანის პირობის ფონზე, გაზარდოს რუმინეთის თავდაცვის ხარჯები, ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი გაუარესებულია. გასულ წელს, Financial Times-ის ცნობით, რუმინეთის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 9.3%-ს შეადგენდა, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

დანმა, რომელიც განათლებით მათემატიკოსია, თქვა, რომ მიმდინარე წელს ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-ს 7.5%-მდე შემცირება "რეალისტური" მიზანია. 

"ჩვენ წელს დანახარჯების €6 მილიარდით შემცირება მოგვიწევს. ვფიქრობ, ამის გაკეთება შეგვიძლია". - თქვა ნიკუშორმა. 

ცნობისთვის, რუმინეთის 2025 წლის 18 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში ბუქარესტის მერმა და ცენტრისტმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტურში ნიკუშორის მეტოქე ჯორჯე სიმიონი იყო. 

2024 წლის 24 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ანულირებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი კოორდინირებულ ონლაინ კამპანიას აწარმოებდა, რათა კალინ ჯორჯესკუს გაემარჯვა.

კომენტარები