შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა პირადი პატაკით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე. უწყება ამბობს, რომ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, შსს-ს დეპარტამენტის თანამშრომლები ტოვებენ უწყების რიგებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები ტოვებენ უწყების რიგებს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც უწყების და თითოეული თანამშრომლის, დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
ამასთან, ზოგიერთი მედიასაშუალებისა და პოლიტიკური ჯგუფების წევრების მხრიდან მიზანმიმართული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიწოდება, ემსახურება საზოგადოებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯის შელახვას.
რაც შეეხება, გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, ვაცხადებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურემ - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა პირადი პატაკით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე" - წერია შსს-ს განცხადებაში.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა პირადი პატაკის ფოტოსურათი, რომელსაც დართული ჰქონდა ევროკავშირის და საქართველოს დროშების ნიშნები.