ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ჯგუფური ძალადობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ 3 პირი დააკავეს

საპროტესტო აქცია, 28 ნოემბერი
ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირი დააკავა.

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ნ.ჯ. ხოლო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით - 1999 წელს დაბადებული ა.კ. და 1993 წელს დაბადებული ს.ს. მათ 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნ.ჯ. რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების მსვლელობისას, აქციის წევრებთან ერთად, სისტემატურად და უწყვეტად ძალადობდა სამართალდამცველების მიმართ. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, მათი ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით ისროდა პიროტექნიკას.

ბრალდებულმა ა.კ.-მ, მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.

ბრალდებული ს.ს. მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე გამართული შეკრების დროს, ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს და თავის არეში დაზიანება მიაყენა" - აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ნივთის დაზიანების და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ჯამში 9 აქტივისტია დაკავებული. ასევე, მთლიანობაში 8 მოქალაქე დაიჭირეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით, ხოლო, 1 პირი - აფეთქების მომზადების ბრალდებით.

გარდა ამისა, დევნის ბრალდებით დააკავეს ძლიერი საქართველოს ერთერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი.

კომენტარები