დასავლეთისგან სრული იზოლაციის შედეგად დამდგარ რეალობასთან გასამკლავებლად ხელისუფლება მხარდამჭერებისთვის ალტერნატიული რეალობის შექმნას განაგრძობს.
2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რასაც აშშ-ს მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება მოჰყვა, ქართული ოცნების პროპაგანდამ აქტიურად დაიწყო იმის მტკიცება, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, აშშ-საქართველოს ურთიერთობები გამოსწორდება.
კობახიძემ 3 დეკემბერს განაცხადა, რომ "20 იანვრის [ტრამპის ინაუგურაციის] შემდეგ, ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება თვისებრივად შეიცვლება". მისი მტკიცებით, ქართულ ოცნებას ახალ ადმინისტრაციასთან "ღირებულებითი თანხვედრა" აქვს.
იგივე ნარატივს იმეორებს თბილისის მერი კახა კალაძეც, რომელმაც თქვა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ "ყველაფერი დალაგდება და გადაიტვირთება". ხოლო მამუკა მდინარაძემ აშშ-ს მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების "მოსწრება" ტრამპის ინაუგურაციამდე სურდა.
4 დეკემბერს ქართულმა სამთავრობო მედიებმა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში მომავალი ადმინისტრაციის შესაძლო როლზე მორიგი პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყეს, რომლის ფარგლებშიც ისინი "კიმბერლი ლოუს" პერსონას იყენებენ, რომელიც თითქოს აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელით საუბრობს.
სამთავრობო მედიების მტკიცებით, კიმბერლი ლოუ "ევროკავშირში ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენლად განიხილება", რასაც პროპაგანდისტული არხების მხრიდან მოჰყვება კიმბერლი ლოუს რიგი ციტატები, რომლებიც ქართული ოცნების გზავნილებს მიესადაგება:
"როგორც ვხვდები, თქვენს ამჟამინდელ მთავრობას არ სურდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტა." - ციტირებს TV იმედის მიერ გავრცელებული ერთ-ერთი ქარდი კიმბერლი ლოუს. მორიგ ციტატაში იგი ამბობს, რომ ევროკავშირში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, იგი "საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში" დაეხმარება. ერთგან კი მთავრობას ეკონომიკაში "ბევრი მუშაობისთვის" აქებს, თუმცა ასევე "კულტურული იდენტობის შენარჩუნებას" უსვამს ხაზს.
პირველ არხთან საუბრისას კიმბერლი ლოუმ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ში "იყო გარკვეული ქმედებები, რომლებიც ძალიან უსამართლო გახლდათ საქართველოს მიმართ, მათ შორის, MEGOBARI აქტი, რომელიც შეჩერდა".
ამ აქტის წარმდგენი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, ხოლო კანონპროექტს 19 თანასპონსორი ჰყავს, საიდანაც 6 რესპუბლიკელია. ამასთანავე, კანონპროექტის განხილვა აშშ-ს კონგრესში კვლავ მიმდინარეობს და არ შეჩერებულა, როგორც ამას კიმბერლი ამტკიცებს. 23 ნოემბერს ჯო უილსონმა განაცხადა, რომ კონგრესში მუშაობენ, რათა კანონპროექტის წარდგენა კენჭისყრაზე "დადებითად გადაწყდეს".
პროპაგანდისტული ტყუილის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ კიმბერლის “ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლად განიხილავენ”. პირველ რიგში, ამერიკას ამჟამად ევროკავშირისთვის სპეციალური წარმომადგენლის როლი გამოყოფილი არ აქვს. ევროკავშირში აშშ-ს წარგზავნილი ჰყავს ელჩი, თუმცა, სპეციალური წარმომადგენლის როლს მნიშვნელოვანი განსხვავებები ახასიათებს ელჩის თანამდებობისგან.
შესაბამისად, იმისთვის, რომ ვინმე მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გარკვეული თანამდებობისთვის განიხილებოდეს, წინაპირობაა, რომ აღნიშნული თანამდებობა არსებობდეს, ან, სულ მცირე, მის შექმნაზე საუბრები მიმდინარეობდეს. აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის გარდამავალი გუნდიდან მსგავსი გზავნილები ჯერჯერობით არ ყოფილა. მაშასადამე, სამთავრობო პროპაგანდა უსაფუძვლოდ ცდილობს, კიმბერლი ლოუ ტრამპის ადმინისტრაციის სახელით მოსაუბრე პოლიტიკოსად გაასაღოს.
ვინ არის კიმბერლი ლოუ
კიმბერლი ამერიკის რესპუბლიკურ პარტიაშია დარეგისტრირებული. მან მიმდინარე წლის არჩევნებში ვირჯინიის შტატის სენატორობაზე იყარა კენჭი, თუმცა 18 ივნისს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზის ბიულეტენზე აღარ გამოჩენილა.
2022 წელს კიმბერლის ვირჯინიის მე-9 ოლქის რესპუბლიკური პარტიის კომიტეტმა პრაიმერიზიდან დისკვალიფიკაცია მისცა, რადგან მის მიერ შევსებულ დოკუმენტებს საკმარისი ხელმოწერები არ ჰქონდა და სხვა სახის შეცდომებს შეიცავდა.
ამერიკელი პოლიტიკოსისთვის სოციალურ ანგარიშებზე უჩვეულოდ გამომწერების მცირე რაოდენობისა (3 400+ Facebook-ზე და 1300+ X-ზე) და შეთქმულების თეორიების გავრცელების გარდა, ლოუს ანგარიშები ერთადერთი იმით გამოირჩევა, რომ იგი ხშირად იღებს სურათებს ცნობილ რესპუბლიკელ პოლიტიკოსებთან.
თუმცა, კიდევ უფრო საყურადღებოა კიმბერლის მიერ X-ის საკუთარ გვერდზე 31 ოქტომბერს გაზიარებული ვიდეო, რომელიც საქართველოში 2025 წელს დაგეგმილი "მსოფლიო მშვიდობის ფორუმის" ჩატარებას ეხება. პროექტის ავტორი ბესო შენგელიაა, რომელსაც აღნიშნული ფორუმის შესახებ TV იმედის ეთერშიც აქვს ნასაუბრები, სადაც იგი თამარ ცაგარეიშვილთან ერთად “მშვიდობის” მნიშვნელობას განიხილავს.
შენგელია საკუთარ Facebook გვერდზე წერს, რომ "მსოფლიო მშვიდობის ფორუმზე" მთავარი საპატიო სტუმრები დონალდ ტრამპი, ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი და მსოფლიოს სხვა ლიდერები იქნებიან. შენგელიას თქმით, კიმბერლი ლოუ ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრიც იქნება.
3 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, ბესარიონ შენგელიას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი შეხვდა, რის ფარგლებშიც, შენგელიას თქმით, მან ლაშხს პროექტის დეტალები დეტალურად გააცნო.
კიმბერლი ლოუმ ამერიკულ მედიაში ყურადღება 2022 წლის ივნისში მიიქცია, როდესაც ტეხასის შტატში აშშ-მექსიკის საზღვართან მდებარე "ეროვნული პეპლების ცენტრის" კერძო ტერიტორიაზე შეიჭრა. რესპუბლიკური პარტიის MAGA ფრთის რიგებში ცენტრის წინააღმდეგ, რომელიც ასობით პეპლის სახეობის თავშესაფარია, კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრმა უარი თქვა ტრამპის ადმინისტრაციის გეგმაზე, საზღვრის გამყოფ კედელს მათ საკუთრებაზე გაევლო.
The Daily Beast-ის ინფორმაციით, კიმბერლი ლოუს მიერ გადაღებულ Facebook-ის LIVE ვიდეოში, იგი პეპლების თავშესაფრის ტერიტორიაზე აღმასრულებელ დირექტორს ეკამათება და ეკითხება, არის თუ არა იგი ამერიკაში არალეგალი მიგრანტების არ შემოშვების მომხრე. ამ ეპიზოდის დროს, ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, მარიენ ვრაითის, თქმით, მან ლოუს ტელეფონი "ხელიდან გააგდებინა ან წაართვა", რადგან მისი სურათების სხვადასხვა მედიაში გამოქვეყნებას, თავშესაფრის, ასევე მისი და მისი შვილების წინააღმდეგ მუქარები მოჰყვა.
ამასთანავე, ვრაითის ჩვენების მიხედვით, ერთ მომენტში მისი შვილი თავშესაფრის კარიბჭის დასაკეტად წავიდა, რადგან მას არ სურდა, კიმბერლი ლოუს ტერიტორია მისი ტელეფონით დაეტოვებინა. ვიდეოში კიმბერლის თანმხლები პირი, "მიშელი", ადასტურებს, რომ მას ვრაითის ტელეფონი აქვს თან.
ვრაითის თქმით, ლოუ მის შვილს კინაღამ დაეჯახა, როდესაც იგი კარიბჭისკენ მანქანით წავიდა. ინციდენტის ამსახველი კადრები ლოუს Facebook-ის LIVE ვიდეოშიც ჩანს, რომელიც მან თავის გვერდზე უკვე წაშალა.
რას უნდა ელოდოს ოცნება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან სინამდვილეში
ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის პერიოდში აშშ-ს პოლიტიკა ქართული ოცნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან მიმართებით, დიდი ალბათობით, ხელისუფლების იმედების გაცრუებას გამოიწვევს.
პირველ რიგში, მოსალოდნელია, რომ აშშ-ს ახალი კონგრესის შეკრების შემდეგ, მალევე მიიღებენ MEGOBARI Act-სა და "ქართველი ხალხის აქტს", რომელთაგანაც ორივე საქართველოში რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ 1-ელ დეკემბერს ამერიკელმა სენატორებმა, რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა და დემოკრატმა ჯინ შაჰინმა, განაცხადეს, რომ "აშშ-ს კონგრესში ძლიერი ორპარტიული, ორპალატიანი მხარდაჭერაა ქართველი ხალხის მიმართ".
“ვიმუშავებთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მთავრობამ და ინდივიდებმა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საარჩევნო ჩარევაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობაზე, და სხვა ქმედებებზე, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პასუხი აგონ.” - წერენ შაჰინი და რიში.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და MEGOBARI Act-ის წარმდგენი ჯო უილსონი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია.
უილსონს ნათქვამი აქვს, რომ იგი მზადაა აღნიშნული თანამდებობა ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის გატარებას მოახმაროს, რათა ამერიკა თავის უცხოელ მტრებს გაუმკლავდეს. მას ეროვნულ უსაფრთხოებაში ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის მთავარ კანდიდატებთან, კერძოდ, რუბიოსთან, ელის სტეფანიკთან, მაიკ უოლცთან და ჯონ რეტკლიფთან, ერთად მუშაობის ისტორია აქვს.
ამასთანავე, უილსონი საქართველოს მთავრობის არადემოკრატიული ნაბიჯების ხშირი კრიტიკით არის ცნობილი. იგი ცალსახად ეწინააღმდეგებოდა საქართველოში რუსული კანონის მიღებას:
"სამწუხაროდ, პრორუსული [ქართული ოცნების] მთავრობა პატრიოტი ქართველების წინააღმდეგ მიდის, რომლებიც კრემლის ბნელ საუკუნეებზე უარს ამბობენ. თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხის მიმართ რეპრესიები უნდა შეწყდეს". - განაცხადა მან 19 მაისს.
ხოლო 10 ივლისს უილსონმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე შემდეგი განცხადება გააკეთა:
"ქართველი ხალხის მიზანდასახულობის პასუხად ქართულმა ოცნებამ მიიღო რუსული სტილის ორაზროვანი კანონი, რომელიც თვითნებური დაკავებისა და სიტყვის თავისუფლების კრიმინალიზაციის საშუალებას იძლევა".
საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი უილსონმა ბიძინა ივანიშვილს "რუსეთის მარიონეტი" უწოდა და მისი დასანქცირება კიდევ ერთხელ მოითხოვა:
"რუსეთის მარიონეტი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად გადაქცევაზე პუტინთან ერთად ხელიხელჩაკიდებული მუშაობს. აშშ-მ ის ბოლოს და ბოლოს უნდა დაასანქციროს, როგორც მე და სპიკერი [მაიკ] ჯონსონი 2020 წელს რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში ვითხოვდით". - დაწერა მან X-ზე 2 ნოემბერს.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ გარდამავალ პერიოდში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის მხრივ, მიმდინარე და მომავალ ადმინისტრაციებს შორის საუბარი მუდმივად მიმდინარეობს.
მაგალითად, დარჩენილ ვადაში ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინისთვის გაძლიერებული სამხედრო დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით კით კელოგმა განაცხადა, რომ ეს ქმედება ამჟამინდელი ადმინისტრაციის მხრიდან ძალიან კარგია, რადგან ეს მომავალ პრეზიდენტს უფრო მეტ "ბერკეტს" მისცემს, რაც ტრამპს უფრო თავისუფლად მოქმედების საშუალებას მისცემს.
აქვე უნდა გავიხსენოთ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მომავალი მრჩევლის, მაიკ უოლცის, ინტერვიუ, რომელიც მან 24 ნოემბერს Fox News-თან გააკეთა.
უოლცის თქმით, ტრამპის ინაუგურაციამდე პერიოდი აშშ-ს მოკავშირეებისთვის "შესაძლებლობებს" არ გულისხმობს, რადგან ორივე ადმინისტრაცია აშშ-სთან ერთად "ერთი გუნდია".
"მე ასევე მსურს ერთი რამის დაზუსტება: მე და ჯეიკ სალივანს საუბრები გვქონდა, ჩვენ შევხვდით. ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს შესაძლებლობების დროა, რომ მათ შეუძლიათ, ერთი ადმინისტრაციით მეორეზე ითამაშონ, ისინი ცდებიან და ჩვენ ხელი და ხელთათმანი ვართ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ აშშ-სთან ერთად [ძალაუფლების] გადაბარების ამ პროცესში". - თქვა უოლცმა ინტერვიუში.
სამთავრობო პროპაგანდაში არაფერია მზის ქვეშ ახალი
სამთავრობო პროპაგანდის მხრიდან ისეთ პოლიტიკოსებსა და თანამდებობაზე დაყრდნობა, რომლებსაც სინამდვილეში არანაირი წონა არ გააჩნიათ, ახალი ტაქტიკა არ არის. იგივე მეთოდებით მოქმედებდნენ სამთავრობო არხები მიმდინარე წლის აპრილშიც, როდესაც რუსულ კანონთან დაკავშირებით ევროპარლამენტში რეზოლუციას განიხილავდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარების დიდმა ნაწილმა საქართველოს ხელისუფლება "უცხოური გავლენის კანონის" ხელახლა შემოღების გამო გააკრიტიკა და ხელისუფლებას მოუწოდა, წარდგენილი კანონპროექტი უკან წაეღო, ქართული ოცნების პროპაგანდა განსაკუთრებული მონდომებით ავრცელებდა ორი ევროპარლამენტარის, მიკ უოლასისა და კლერ დეილის, გამოსვლებს, რომლებშიც ისინი ოცნების ნარატივებს ავრცელებდნენ.
ევროპარლამენტში დეილი და უოლასი საკუთარი პრორუსული პოზიციებით იყვნენ ცნობილი. ისინი პარლამენტში მუდმივად ეწინააღმდეგებოდნენ რეზოლუციებს, რომლებიც ვლადიმირ პუტინსა და რუსეთს აკრიტიკებდნენ. მაგალითად, როდესაც 2022 წლის იანვარში რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯარისკაცების მობილიზების პროცესში იყო, უოლასმა NATO-სთან მიმართებით რუსეთის მობილიზაცია"ცხადად თავდაცვით" ქმედებებად შეაფასა. ხოლო დეილი თავადვე მიიჩნევდა, რომ "მოდებული რუსოფობიის უბოდიშო ოპონენტი" იყო.
სამთავრობო პროპაგანდის მცდელობებს ცხადია, გავლენა არ ჰქონია ევროპარლამენტში რეზოლუციის შედეგებზე. 25 აპრილს ევროპარლამენტმა რეზოლუცია დეილისა და უოლასის წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღო, 425-ის მხარდამჭერით 25-ის წინააღმდეგ. რეზოლუცია ევროკომისიასა და ბლოკის წევრ ქვეყნებს, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სანქცირების განხილვისა და საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გადახედვისკენ მოუწოდებდა.
უფრო მეტიც, ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო შემცირდა ქართული ოცნების მხარდამჭერი ევროპარლამენტარების რაოდენობაც, რადგან პრორუსმა მიკ უოლასმა და კლერ დეილიმ არჩევნებით მანდატები დაკარგეს.
კიმბერლი ლოუს, მიკ უოლასის ან კლერ დეილის მსგავსი პერსონების განცხადებებზე დაყრდნობით ჭიქაში ქარიშხლის დაყენებით, სამთავრობო პროპაგანდის მიზანი საკუთარი პროდასავლური ამომრჩევლებისთვის თვალის ახვევა და მორიგი ცრუ იმედის მიცემაა, რომ ქართულ ოცნებას დასავლეთთან ურთიერთობის “გადატვირთვისა” და იზოლაციის დასრულების უნარი შესწევს, რაც, თავის მხრივ, ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით არის განპირობებული.