საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლუის გრაჩამ 3 დეკემბერს განცხადება გაავრცელა.
"ძალიან შეშფოთებული ვარ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. ბოლო დემონსტრაციების დროს ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა," აცხადებს გრაჩა.
გავრცელებულ განცხადებაში ლუის გრაჩა ყველა მხარეს დიალოგისკენ მოუწოდებს. ის აღნიშნავს, რომ ძალადობრივი ქმედებები დაუშვებელია და დემონსტრანტებს, კანონის უზენაესობის პატივისცემით, მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს. ამავდროულად, მისივე თქმით, პოლიცია ვალდებულია, დემონსტრანტების წინაშე თავშეკავება გამოიჩინოს, ხოლო ხელისუფლებამ დემონსტრანტებს მოუსმინოს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს პატივი სცეს.
"ამ კრიტიკულ მომენტში ყველა მხარეს მოვუწოდებ ნდობის აღსადგენად და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ჩართვისკენ. ქართველი ხალხი მშვიდობიან და დემოკრატიულ მომავალს იმსახურებს და ჩვენი ასამბლეა ამ მიზნის მისაღწევად ძალისხმევის მხარდაჭერაში ერთგული რჩება." - წერს გრაჩა გავრცელებულ განცხადებაში.