ლარის კურსი

ლარი ყველა ვალუტასთან გაუფასურდა, მხოლოდ ბრაზილიურ რიალთან გამყარდა

ტაბულა

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა, ლარი დოლართან და ევროსთან ჯამში 13-13 თეთრით გაუფასურდა. 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8746 ლარია, ერთი ევროსი - 3.0252 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.91 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.07 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.87 ლარია, ევროსი - 3.02 ლარი.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა, 42 ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა მხოლოდ ბრაზილიურ რიალთან.

მხოლოდ ოქტომბრის თვეში, ოფიციალურად, ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი გამართა და 213.4 მილიონი დოლარი გაყიდა. თუმცა, ლარის კურსი განსაკუთრებით ბოლო სამი ვაჭრობისას გაუფასურდა - მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი ოფიციალურად 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა. 

აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის შეჩერებაზე ქართული ოცნების გადაწყვეტილების და საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის ფონზე საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა შეაჩერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

კომენტარები