ლარი დოლართან 2.68 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 2.85 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8746 ლარია, ერთი ევროსი - 3.0252 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა, 42 ვალუტასთან გაუფასურდა. მცირედით გამყარდა მხოლოდ ბრაზილურ რიალთან.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.91 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.07 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.87 ლარია, ევროსი - 3.02 ლარი.
მხოლოდ ოქტომბრის თვეში, ოფიციალურად, ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი გამართა და 213.4 მილიონი დოლარი გაყიდა. თუმცა, ლარის კურსი განსაკუთრებით ბოლო სამი ვაჭრობისას გაუფასურდა - მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი ოფიციალურად 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა. 28 ნოემბრის შემდეგ, ლარი დოლართან და ევროსთან 13-13 თეთრით გაუფასურდა.
აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის შეჩერებაზე ქართული ოცნების გადაწყვეტილების და საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის ფონზე საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა შეაჩერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.