კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ, დაკავების შემდეგ, ზურაბ ჯაფარიძის ადგილსამყოფელს ამ დრომდე ადგენენ.
"ყველამ გაიგეთ, ალბათ, რომ უამრავ სხვადასხვა ასაკის პატრიოტთან ერთად, ჩვენი ლიდერი ზურა ჯაფარიძეც დააკავეს. აქამდე ვადგენთ მის ადგილსამყოფელს. კოალიცია ამაზე განცხადებას გავაკეთებთ და იმგვარად ვიმოქმედებთ, როგორც ჩვეულებრივ მოიქცეოდა პარტია მისი ლიდერის დაკავების შემთხვევაში.
მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ პოლიტიკოსებმა ვიცით, რა ბრძოლაშიც ვართ ჩართულნი და ვის ვებრძვით. ამიტომაც, ყველანი მზად ვართ, მათ შორის, დაკავებისთვის და ნებისმიერი სხვა ფორმის უკანონობისთვის. ცხადია, ასეა ზურაც. კოალიციაში ვინარჩუნებთ სიმტკიცეს და ვცდილობთ დავეხმაროთ ყველა დაკავებულ პატრიოტს.
ანუ ვიქცევით ისე, როგორც თავად ზურა იქცევა ამგვარ ვითარებებში.
ყველაფერი კარგად იქნება! საქართველო გაიმარჯვებს!" - წერს გვარამია.
პოლიციამ გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დააკავა. კადრებს თვითმხილველი, სოფია ღვინიანიძე ავრცელებს.
ივანიშვილის რეჟიმმა გასული სამი დღის მსგავსად, 1-2 დეკემბრის აქციაც ძალადობრივად დაშალა. წყლის ჭავლის და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენების გარდა, კრიმინალური პოლიცია სცემდა და აკავებდა მომიტინგეებს. მათ შორის, დაარბიეს რუსთაველის მეტროში ჩასული მოქალაქეები.
მომიტინგეთა ნაწილმა ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლა, თუმცა, პოლიციამ აქცია იქაც დაშალა.