რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ, მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამბიციური გეგმები და სერიოზული ამოცანები. ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩვენი საარჩევნო პროგრამის თანახმად, 2028 წლისთვის უნდა გვქონდეს შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რა თქმა უნდა, ეს დაპირება პირნათლად შესრულდება.
ასევე, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ გადაიტვირთება ურთიერთობები თვისებრივად როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან. 20 იანვარს შედგება დონალდ ტრამპის ინაუგურაცია, შესაბამისად, აშშ-ს, ევროკავშირს ეყოლება ახალი ლიდერი და ამ ლიდერობის პირობებში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა არის შესაძლებელი.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდეს. გასული 4 წლის განმავლობაში ამ ურთიერთობებს შეექმნა სერიოზული პრობლემა, რაც არ ყოფილა, მოგეხსენებათ, ჩვენი ბრალი. ხელოვნური დაბრკოლებები იქმნებოდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, იყო სერიოზული შანტაჟი, უხეში შანტაჟი, საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებით აუცილებლად უნდა განვაგრძოთ გზა იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში.