დღეს, 2 დეკემბერს, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის გასაპროტესტებლად სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი შეჩერებულია, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა ნაწილმა კი გაფიცვა გამოაცხადა.
29 ნოემბერს ნიუტონის თავისუფალმა სკოლამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ 2 დეკემბერს სკოლა არ იმუშავებს.
"საზოგადოებრივი პროტესტის მხარდაჭერის მიზნით, ორშაბათს, 2 დეკემბერს, სკოლა არ იმუშავებს". - წერია ნიუტონის თავისუფალი სკოლის განცხადებაში.
ამავე დღეს სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ განცხადება მწვანე სკოლამაც გაავრცელა. განცხადების მიხედვით, ამ ნაბიჯით მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლება დაიცვეს.
"მხარს ვუჭერთ თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ცხადად აფიქსირებს საკუთარ აზრს ქვეყნის ნათელი მომავლისთვის ბრძოლის გზაზე.
შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ სასწავლო პროცესი, რათა დავიცვათ მოქალაქის ფუნდამენტური პრინციპი - ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება". - წერია მწვანე სკოლის განცხადებაში.
სწავლის შეჩერებაზე განცხადება გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიამაც გააკეთა.
"ღიად ვაფიქსირებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის და მმართველი პარტიისგან მოვითხოვთ შეწყვიტოს მისი ხელყოფა. ვუერთდებით ამ მოთხოვნის მხარდამჭერ და მისთვის მებრძოლ ყველა მოქალაქეს და წინააღმდეგობის მოძრაობას!
პროტესტის ნიშნად, ორშაბათს, 2 დეკემბერს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში სასწავლო პროცესი არ შედგება". - წერია გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის განცხადებაში.
1 დეკემბერს UG სკოლამ ოფიციალური განცხადება დაწერა, რომელშიც პედაგოგების გაფიცვიდან გამომდინარე ორი დღით სასწავლო პროცესის შეწყვეტა გამოაცხადა.
"იქედან გამომდინარე,რომ ჩვენი პედაგოგები უერთდებიან საყოველთაო გაფიცვას ,UG სკოლა ორი დღით წყვეტს სასწავლო პროცესს!
საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის დიდი ოჯახის წევრი!" - წერია UG სკოლის განცხადებაში.
მოსწავლეთა ნაწილი გაიფიცა ასევე საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში.
გარდა ამისა, დღეს, 2 დეკემბერს, პროტესტსა და გაფიცვას იუნკერთა სახელობის თბილისის 52-ე სკოლის მოსწავლეების ნაწილიც უერთდება.
ამასთან, დილის 9 საათზე კომაროვის სკოლის ეზოში გაფიცულმა მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მანამდე, გავრცელდა კომაროვის სკოლის მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების პეტიცია, რომელშიც ევროინტეგრაციის შეჩერებას ემიჯნებიან და სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს მოსწავლეების გვერდში დგომისკენ მოუწოდებენ.
"სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლის მასწავლებლებო და ადმინისტრაციის წევრებო: გადადგით ნაბიჯი თქვენი სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად საქართველოს ახალგაზრდებისა და კონსტიტუციის მხარდასაჭერად!
ჩვენ, ხელმომწერები, კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულები და სტუდენტები, ვთხოვთ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებლებს, გადამწყვეტ მომენტში გამოხატონ მხარდაჭერა საქართველოს მომავლისთვის და დადგნენ ჩვენს გვერდით". - წერია პეტიციაში.