ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

საგარეო: ვგმობთ დიპლომატიურ სამსახურზე ზეწოლას და მოწოდებებს საბოტაჟისაკენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გმობენ "საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე განხორციელებულ ზეწოლას და მოწოდებებს საბოტაჟისაკენ".

უწყების თქმით, მტკიცედ დგანან საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ემსახურებიან "საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას". საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწვეტილება არ ნიშნავს ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას.
 
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე განხორციელებულ ზეწოლას და მოწოდებებს საბოტაჟისაკენ.
 
მიუღებელია, უცხო სახელმწიფოების მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ჩარევის მცდელობები.
 
საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, კანდიდატის სტატუსის მიღებამდეც კეთილსინდისიერად ასრულებდა ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით.
 
შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე დაფუძნებულ ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას უკეთ იყოს მომზადებული მომავალში ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების სწრაფად წარმართვისთვის.
 
ევროკავშირს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, შესაბამისად განცხადებები, საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს.  

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ევროკავშირთან ურთიერთობების დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე, არ ნიშნავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას და მიზნად ისახავს აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე დამაზიანებელი სპეკულაციების აღკვეთას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან  მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს რამდენიმე ელჩმა პოსტი დატოვა. მათ შორის გადადგა საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი. 

კომენტარები