ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

შსს: მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს და დემონსტრანტებს მოუწოდებს, რომ დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს გამოიყენებს "საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს".

"რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მათი პროტესტი არ გასცდეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, შეკრებილთა ნაწილი, სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, დააზიანეს განათების ფანრები და სხვა ინვენტარი, ასევე ცეცხლი წაუკიდეს ელექტრო გაყვანილობას. პოლიციელების მისამართით ისვრიან გაურკვეველ საგნებს, დაშავებულია ერთი პოლიციელი.

მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს". - წერია განცხადებაში.

გუშინ, 28 ნოემბერს სამართალდამცველებმა ძალადობრივად დაშალეს დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ ევროკავშირთან გაწევრიანების 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე. ამჟამად რუსთაველზე მრავალრიცხოვანი აქცია მიმდინარეობს.

კომენტარები