რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში საპროტესტო აქციის ძალადობრივი დარბევის დაგმობას ეხმაურება.
"ოპა! ბანდერელების საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში პროტესტის დაშლა დაგმო და განაცხადა, რომ იქ შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამწვავება საპარლამენტო არჩევნებზე მრავალი დარღვევის შედეგია. გაგიჟდები: კვაზიქვეყანა, სადაც საერთოდ არაა არჩევნები, გმობს სხვა, ნორმალურ ქვეყანას. იმის ლოდინიღა დაგვრჩა, რას გააკეთებს უკრაინის არალეგიტიმური ხელისუფლება, როცა ხალხი კვლავ გამოვა მაიდანზე. აი მაშინ, სისხლიან მასხარას ვიქტორ იანუკოვიჩის ბედის შეშურდება." - წერს მედვედევი ВКонтакте-ს გვერდზე.
აქამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 ნოემბრის ღამის მოვლენების დროს პოლიციის მიერ ძალის გამოყენება დაგმო და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, პატივი სცენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს.
"უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, მოსკოვის სასარგებლოდ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შემჭიდროების დასტურია." - ეწერა განცხადებაში.