ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ესტონეთი: მიუღებელია საქართველოს მთავრობის მხრიდან პროტესტის მონაწილეებზე ძალადობა

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში 28/29 ნოემბერს მომხდარ მოვლენებს ეხმაურება. 

"საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა უკვე დიდი ხანია შეიმჩნევა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების და ე.წ. ტრადიციული ოჯახის დაცვის კანონები. გარდა ამისა, ერთი თვის წინ ჩატარებულ არჩევნებს, დარღვევების მასშტაბისა და სიმძიმის გამო, შეუძლებელია ვუწოდოთ თავისუფალი და სამართლიანი. საქართველოს მმართველი პარტიის გუშინდელი გადაწყვეტილება იყო საბოლოო ნაბიჯი და დასტური იმისა, რომ მათ მოატყუეს ქართველი ხალხი, უმეტესად საკუთარი ამომრჩეველი, ვისაც იმის იმედი და რწმენა ჰქონდა, რომ ქართული ოცნების მმართველობის ქვეშ ქვეყანა ევროკავშირს მიუახლოვდებოდა.

საქართველოს მოსახლეობის 80%-ს თავისი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება სურს.

გუშინ თავისი შეხედულებების გამოსახატად ათასობით ადამიანი ისევ გამოვიდა ქუჩაში. აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოს მთავრობის მხრიდან პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის, წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლის და აკუსტიკური აღჭურვილობის გამოყენება.

ამ ზაფხულს ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი და ფინანსური მხარდაჭერა და თქვა, რომ ამის გაგრძელება მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების შემთხვევაშია შესაძლებელი. სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. ესტონეთმა შეამცირა მაღალი დონის კონტაქტები საქართველოსთან და შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული განვითარების პროექტების მხარდაჭერა. ამის მიუხედავად, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.

ჩვენ ვთვლით, რომ ის, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას და როგორ ანადგურებს დემოკრატიას ასევე მოითხოვს რეაგირებას ევროკავშირისგან"

-  ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარები