შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყო. სპეცრაზმმა ჭიჭინაძის ქუჩაზე, მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.
მანამდე, შსს-მ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებებიც გამოიყენა.
შსს დაახლოებით 01:00 საათზე გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ მითითებებების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უწყება გამოიყენებდა "საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იძულების ღონისძიებებს", მათ შორის - სპეციალურ საშუალებებს.
ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.
ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა.
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.
პრეზიდენტმა ამ განცხადების შემდეგ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა.
ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა.
დედაქალაქში მოქალაქეები ქართული ოცნების ოფისთან და საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით, ოცნების ოფისთან შეკრებილებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.
აქციას შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილმა სპეცრაზმსაც მიმართა.





