შსს მომიტინგეებს: დაემორჩილეთ ჩვენს მითითებებს, თორემ გამოვიყენებთ იძულების ღონისძიებებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია "გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს". უწყების განცხადებით, პოლიციამ სპეციალური საშუალება "ვითარების განმუხტვის მიზნით" გამოიყენა. მათივე ინფორმაციით, დაშავდა სამი სამართალდამცველი.

"მიუხედავად სამართალდამცველთა მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის წევრები ფიზიკურად უპირისპირდებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცველებს. ასევე, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმა თანამშრომელმა. აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. 

ვითარების განმუხტვის მიზნით, პოლიციამ მიმართა კანონით დადგენილ ღონისძიებებს და გამოიყენა სპეციალური საშუალება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იძულების ღონისძიებებს, მათ შორის, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს" - აცხადებს შსს.


ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა

ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა.

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.

პრეზიდენტმა ამ განცხადების შემდეგ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა. 

ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა. 

დედაქალაქში მოქალაქეები ქართული ოცნების ოფისთან და საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით, ოცნების ოფისთან შეკრებილებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

აქციას შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილმა სპეცრაზმსაც მიმართა.

კომენტარები