ევროპელმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს ევროკომისიის ახალ შემადგენლობას ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით. ფონ დერ ლეიენი და ევროპარლამენტის მიერ არჩეული კიდევ 26 ევროკომისარი ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოში 5 წლის ვადით იმუშავებენ.
აღსანიშნავია, რომ ეს 1999 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ბლოკის არც ერთი წევრი ქვეყნის კანდიდატი იქნა უარყოფილი. ევროკომისიაში 1 პრეზიდენტი და 26 კომისარია, რომლებსაც ბლოკის 27 წევრი ქვეყნიდან თითოეული წარადგენს, ხოლო შემდგომ ევროპარლამენტი მათ თანამდებობებზე ამტკიცებს.
"ერთად მუშაობისთვის გზების გამონახვა და ფრაგმენტაციის გადალახვა - ეს არის ის, რაზეც მე და სხვა 26 ქალი და მამაკაცი [ევროკომისიაში] ყოველ დღე ვმუშაობთ. ჩვენ მზად ვართ, უმალ შევუდგეთ საქმეს". - თქვა ფონ დერ ლაიენმა კენჭისყრის შემდეგ.
ფონ დერ ლაიენის გუნდს ევროპული პარლამენტის 370-მა წევრმა დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ კი ხმა 282-მა მისცა. 36-მა ევროპარლამენტარმა ხმის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
ევროკომისიის ახლად დამტკიცებული კოლეგია მუშაობას 1-ელ დეკემბერს დაიწყებს. კოლეგიის 27 წევრიდან 14, ფონ დერ ლაიენის ჩათვლით, ევროპის სახალხო პარტიიდანაა (EPP).
ახალმა შემადგენლობამ იმაზე ნაკლები ხმა მოიპოვა, ვიდრე თავად პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის კანდიდატურამ ივნისში. ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით არჩევას მაშინ მხარი 401-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 285-მა კი ხმა ამის წინააღმდეგ მისცა.