ევროპარლამენტარი და ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი ევროკომისიაში თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში კომისრის თანამდებობაზე დაინიშნა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს, 17 სექტემბერს გამოაცხადა.
"იგი ევროპის თავდაცვის კავშირის განვითარებასა და ამ სფეროში ინვესტიციის გაზრდაზე იმუშავებს" - უთხრა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს.
კუბილიუსის ახალი სამსახური თავდაცვის ინდუსტრიაზე კონცენტრირდება. როგორც გამოცემა Politico წერს, კომისრის ერთ-ერთი საკვანძო მოვალეობა ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის პროგრამის (EDIP) - რომელშიც კონტრაქტორები 1.5 მილიარდ ევროს დებენ - საბოლოო განხორციელება იქნება.
რაც შეეხება კოსმოსის კომპონენტს, კუბილიუსის მოვალეობებს შორის ევროკავშირის კოსმოსური თანამგზავრების, Galileo-სა და Copernicus-ის პროგრამების მენეჯმენტი იქნება, ასევე ახალი, რამდენიმე მილიარდიანი პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის სტრუქტურებში უსაფრთხო სატელიტური ინტერნეტი გახდება ხელმისაწვდომი.
ანდრიუს კუბილიუსი 1999-2000 და 2008-2012 წლებში ლიტვის პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა. 2019 წლიდან იგი ევროპარლამენტარია.