ევროკომისია

ვიქტორ ორბანმა ოლივერ ვარჰეი ევროკომისრის ნომინაციაზე წარადგინა

MTI/ European Council/Mario Salerno

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის წარმომადგენელი ევროკომისრის ნომინაციაზე ოლივერ ვარჰეი წარადგინა. ვარჰეი ევროკომისრის პოსტს გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში 2019 წლიდან იკავებდა. 

ორბანმა გადაწყვეტილება ორშაბათს, ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან კონსულტაციის შემდეგ გამოაცხადა. 

შემდეგი ეტაპი ფონ დერ ლაიენის მიერ ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყნის ნომინირებულ კომისართა კოლეგიის დაკომპლექტება იქნება. 

"ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომისარმა ვარჰეიმ დაამტკიცა, რომ ევროკავშირს შეუძლია გამოიწვიოს დადებითი ცვლილებები სამეზობლოში და სამეზობლოს გარეთ. შემდეგ კომისიაში იგი საქმეს შესანიშნავად გაართმევს თავს!" - წერს ორბანი X-ზე. 

თუმცა, დაინიშნება თუ არა ვარჰეი ევროკომისრის პოსტზე მეორე ვადით, ევროპარლამენტის მოსმენაზე გადაწყდება. 

კომენტარები