აშშ-ისრაელი

გრემი: ყველა მოკავშირეს, თუ ICC-ის დახმარებას ეცდებით, დაგასანქცირებთ

რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი
Evelyn Hockstein/Reuters

ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის თქმით, აშშ სანქციებს დაუწესებს მოკავშირე ქვეყნებს, თუკი ისინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანთის წინააღმდეგ გამოცემული დაკავების ორდერის აღსრულებას შეეცდებიან.

"ნებისმიერ მოკავშირეს, კანადას, ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, თუკი თქვენ ICC-ის დახმარებას შეეცდებით, ჩვენ დაგასანქცირებთ". - თქვა გრემმა Fox News-თან ინტერვიუში.


21 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ღაზაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულების ბრალდებით, ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაკავების ორდერი გასცა

"სასამართლოს კოლეგიამ მიიჩნია, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ორივე პირმა განზრახ და შეგნებულად წაართვა ღაზაში მცხოვრებ მშვიდობიან პირებს მათი გადარჩენისთვის აუცილებელი წყაროები, მათ შორის, საკვები, წყალი, მედიკამენტები და სამედიცინო მარაგები. ასევე, საწვავი და ელექტროენერგია". - წერს კოლეგია ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ასევე, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით სასამართლომ ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერიც გამოსცა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დეიფი ივლისში საჰაერო დარტყმების შედეგად მოკლეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ბაიდენის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის თქმით, აშშ ICC-ის მხრიდან დაკავების ორდერის გაცემის გადაწყვეტილებას "ფუნდამენტურად უარყოფს".

"აშშ ფუნდამენტურად უარყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ პროკურატურის მიერ დაკავების ორდერის მოთხოვნით და პროცესის შემაშფოთებელი შეცდომებით, რამაც გამოიწვია ეს გადაწყვეტილება" - თქვა სპიკერმა. მისივე თქმით, აშშ მომდევნო ნაბიჯების თავის პარტნიორებთან ერთად განიხილავს.

კომენტარები