მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს დილის საათებში, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, დევიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის განცხადებით, ისინი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.
პოლიციამ 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე 21 ნოემბერს დააკავა.