საპროტესტო აქციები

"შემეშინდა და ჯოხს ვიქნევდი, ვინმესთვის ჩარტყმის განზრახვა არ მქონიაო" – დევიძის ადვოკატი

"ამბობს, შემეშინდა და ვიქნევდი, არავისთვის ჩამირტყამს, მიზანი რომ ვინმესთვის ჩამერტყა და დაზიანება მიმეყენებინა, განზრახული არ მქონიაო" - ამის შესახებ პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით, 19 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული მათე დევიძის ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ ინტერპრესნიუსთან ისაუბრა. 

"მხნედ არის, საბრძოლო განწყობაზეა. მოტყუებით გაიყვანეს, უთხრეს გიშვებთო და იქვე გამომძიებლები დახვდნენ. 10 წუთიანი პროცედურაა აგიყვანთ და მალე ჩამოგიყვანთო, უთხრეს. მისთვის უფლებები არ განუმარტავთ.

ჯოხის ქნევის ფაქტთან დაკავშირებით დაკითხეს. ამბობს, შემეშინდა და ვიქნევდი, არავისთვის ჩამირტყამს, მიზანი რომ ვინმესთვის ჩამერტყა და დაზიანება მიმეყენებინა, განზრახული არ მქონიაო" - ამბობს ადვოკატი, IPN-ის ცნობით. 

ადვოკატი ამბობს, რომ დევიძეს დიღმის მთავარ სამმართველოში ბრალს ხვალ, 09:30 საათზე წაუყენებენ. დიდი ალბათობით, ხვალვე იმსჯელებს თბილისის საქალაქო სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. 

სამართალდამცველებმა პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე დააკავეს. მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცველებმა მ.დ. დააკავეს" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები