ცესკოში ოპოზიციის წარმომადგენელი, დავით კირთაძე, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას IPN ავრცელებს.
საქმეზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დღეს კი მოსამართლემ გიორგი კალანდარიშვილის მიერ შეტანილი დამატებითი, ადმინისტრაციული სარჩელი განიხილა, რომელშიც მან მიუთითა, რომ კირთაძემ ცესკოს საქმიანობა შეაჩერა და სხდომაზე წესრიგი დაარღვია.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, კომენტარი ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა გააკეთა.
"ადგილი ჰქონდა საარჩევნო კომისიის საქმიანობასა და ფუნქციებში ჩარევას, რაც იმით გამოიხატა, რომ კომისიის საქმიანობა შეფერხდა - სხდომის მიმდინარეობა ნახევარი საათით შეწყდა, კომისიის თავმჯდომარეს კი მისი ფუნქციების შესრულების საშუალება არ მიეცა". - თქვა სანტურიანმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას დავით კირთაძის ადვოკატიც გამოეხმაურა.
"პროცესზე ცესკოს წარმომადგენლებმა სასამართლოს კონკრეტულად ვერ მოახსენეს, თუ რაში გამოიხატა დავით კირთაძის მხრიდან ცესკოს სხდომაზე წესრიგის დარღვევა. ეს კონკრეტულად რა ქმედებაში გამოვლინდა [...] ეს სასამართლოს უწყებრივად განსახილველი საკითხი არ იყო, რადგან ცესკოს სხდომაზე წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, ცესკო გადაწყვეტილებას სასამართლოს გარეშე, თავად იღებს". - თქვა ადვოკატმა ივანე პეტრიაშვილმა.
16 ნოემბერს, ცესკოს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.