არჩევნები 2024

ეს შავი საღებავია ის ლაქა, რომელიც კალანდარიშვილმა ჩვენს ქვეყანას დაამჩნია - კირთაძე

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც დღეს, 16 ნოემბერს, არჩევნების შედეგების შემაჯამებელ სხდომაზე პროტესტის ნიშნად ცესკო-ს თამჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.

კირთაძის თქმით, ეს იყო ის შავი ლაქა-საღებავი, რომელიც გიორგი კალანდარიშვილმა "თავის ქმედებითა და მის მიერ დაორგანიზებული არჩევნებით" ქვეყანას დაამჩნია. 

"ეს იყო ზუსტად ის შავი ლაქა, შავი საღებავი, რომელმაც თავის ქმედებით, მის მიერ დაორგანიზებული არჩევნებით, ჩვენს ქვეყანას დაამჩნია. 

სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდა შანსი ჩაგვეტარებინა ისეთი სამართლიანი, გამჭვირვალე და ევროპული არჩევნები, რომლითაც დიდ ოჯახში შევიდოდით, თუმცა მან არჩია რუსეთი, მან შეასრულა ქართული ოცნების დავალება და ფაქტობრივად, გადაწყვეტილება მიიღო, რომ ნოტარიულად, მოპარული ხმებით დაემტკიცებინა, თუმცა კი ნახეთ, პროტესტის ის ზომა, რომელიც გამოვიყენე.

ის შავი საღებავი, რომელიც მას ლაქად დარჩება მთელი ცხოვრების მანძილზე.

ყველაფრისთვის მზად ვარ იმიტომ, რომ ცესკოს თავმჯდომარემ ვერც ამომრჩევლის, ვერც სტუდენტების ხმა ვერ გაიგო, თუმცა ეს პროტესტი არის ჩემი იმ ხალხის სოლიდარობის, რომლებიც დღეს მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ

ეს იყო ჩვეულებრივი საღებავი, რომელიც მან ერთხელ თქვა, რომ "ბიულეტინმა გაჟონაო" და დღეს, ცესკოს თავმჯდომარემ გაჟონა და დარჩა ის შავი ლაქა - ისევ განვმეორდები, რომელიც მან ქვეყანას დღევანდელი მისი ქმედებით დაამჩნია და რომელიც ჩატარდა". - თქვა კირთაძემ ტვ პირველთან საუბრისას.

კომენტარები