რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსეთის სატვირთო დრონების ქარხანასა და იარაღის არსენალაზე იერიში მიიტანა

კადრი ვიდეოდან

უკრაინის ძალებმა რუსეთში ბელგოროდის ოლქის ერთ-ერთ ქარხანაზე, რომელიც რუსული ჯარისთვის სატვირთო დრონებს ამზადებს, და ნოვგოროდის ოლქში იარაღის არსენალზე იერიში მიიტანეს.

ამასთან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრეი კოვალენკომ თავის ტელეგრამზე დაწერა.

მისი ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქში კომპანია ЭФКО-ს ქარხანა საკვებ პროდუქტებთან ერთად, სინამდვილეში ასევე აწარმოებს სატვირთო დრონებს რუსული ჯარისთვის.

კოვალენკო ბელგოროდის ქარხანაში გაჩენილი ხანძრის ვიდეოს ავრცელებს.

კოვალენკოს ინფორმაციით, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით ასევე რუსეთის ფედერაციის ნოვგოროდის რეგიონის სოფელ კოტოვოს მახლობლად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს (ГРАУ) მე-13 არსენალზე მიიტანა იერიში. არსენალი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 680 კილომეტრში მდებარეობს.

"ГРАУ-ს მე-13 არსენალში ინახება ჭურვები ქვემეხი არტილერიისთვის, ნაღმები ნაღმმტყორცნისთვის, რაკეტები Град, Ураган, Смерч, ასევე ისკანდერის რაკეტები, ჩრდილოეთ კორეული KN23-ს, საზენიტო რაკეტები S-300, S-400 და საბრძოლო მასალები ТОР-ის კომპლექსისთვის". - წერს კოვალენკო.

კომენტარები