საპროტესტო აქციები

18-19 ნოემბრის აქციის მიმდინარეობისას თსუ-ს შენობასა და ეზოში შტაბი არ გვქონია - შსს

19 ნოემბერი, მელიქიშვილის გამზირი

შინაგან საქმათა სამინისტრო აცხადებს, რომ 18-19 ნოემბერს აქციის მიმდინარეობისას თსუ-ს პირველი კორპუსის შენობასა და ეზოში სპეციალური შტაბი არ ჰქონია.

მათივე ინფორმაციით, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მობილიზებულები არ ყოფილან გგანსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

“საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შტაბი ჰქონდა გაკეთებული და უნივერსიტეტის შენობაში იმყოფებოდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. 

ხაზგასმით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ 18-19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არც შენობაში და არც ეზოში, განთავსებული არ ყოფილა არანაირი შტაბი, არც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი.”

უწყება წერს, რომ უნივერსიტეტის ეზოში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მას შემდეგ შევიდნენ, “რაც ეზოს ცენტრალურ შესასვლელთან აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა.”

“აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო და პანთეონი არ არის დახურული სივრცე და იქ შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის, აქციის მონაწილეებისთვისაც, რომლებიც უნივერსიტეტის ეზოთი აქციების პერიოდში თავისუფლად სარგებლობენ.” - წერს შინაგან საქმეთა სამინისტრო.


დემონსტანტრები თსუ-ს პირველ კორპუსთან 17 ნოემბერს შეიკრიბნენ, სადაც კოალიცია ცვლილებისთვის და ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა განაცხადეს, რომ შემდეგი 24 საათი უნივერსიტეტთან დარჩებოდნენ და "წინააღმდეგობის მოძრაობა" დააანონსეს.

18 ნოემბერს, პროტესტში მონაწილე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, თსუ-ს პირველ კორპუსთან აქციის 24 საათით გაგრძელების შესახებ გამოაცხადეს. ნიკა მელიას თქმით, ამოცანა თბილისის პროტესტით მოცვა და ჭავჭავაძის გამზირის მსგავსი ბევრი კერის შექმნაა.

19 ნოემბერს გამთენიისას შსს-მ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალა. ამის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს.

დაახლოებით, 20:00 საათისთვის, კოალიცია ცვლილებისთვის და ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მელიქიშვილის გამზირზე განაცხადეს, რომ აქცია კვლავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაბრუნდებოდა.

"დღეს, აქ, ჩვენ ვაპირებთ დავრჩეთ მთელი ღამე და ეს კერა შევინარჩუნოთ და მოდით აბა გაბედეთ და ისევ დაგვარბიეთ, თუ მაგრები ხართ. ვაპირებთ ვიბრძოლოთ მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მოვიპოვებთ." - თქვა გიორგი ვაშაძემ სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადანაცვლების შემდეგ.

საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, 20 ნოემბრის 02:00 საათისთვის, აქციის მონაწილე სტუდენტთა ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შევიდა. მათი მოთხოვნა, რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომაა.

კომენტარები