არჩევნები 2024

RFE/RL: სლოვაკეთი და უნგრეთი საქართველოს მთავრობის სანქცირებას ეწინააღმდეგებიან

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი (მარცხნივ) და სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო
Omar Havana/AP

გამოცემა რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების სანქცირებას ევროკავშირის ქვეყნებიდან უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან, ხოლო ბულგარეთი და იტალია "ეჭვს გამოთქვამენ". 

"[საქართველოს] საკითხზე ცალსახა გადაწყვეტილება არ მიღებულა. იყო ფართო დისკუსია". - რადიო თავისუფლების ცნობით, თქვა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომის შემდეგ. 

"ჩვენ მივიღეთ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. ეს ლეგიტიმური გადაწყვეტილებაა. გვესმის, რომ იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ამას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიხედოს". - გამოცემის ინფორმაციით, თქვა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარიკ ეშტოკმა. 

ამჟამად უნგრეთი ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელმაც საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართულ ოცნებას გამარჯვება მიულოცა. 

ამასთან, ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერებას გერმანია ეწინააღმდეგება. 

გუშინ, 18 ნოემბერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრელიუს ლანდსბერგისმა თქვა, რომ საქართველოს არჩევნების არალეგიტიმურობის დამტკიცების შემთხვევაში, ევროკავშირის მხრიდან მისაღებ ზომებზე ბლოკში კონსენსუსის მიღწევა რთული იქნება. 

"შესაძლებელია თუ არა გვქონდეს კონსენსუსი ევროკავშირში ამ საკითხზე - რთული სათქმელია. მე მაქვს შეგრძნება, რომ ეს რთული იქნება. მათ შორის სანქცირება. არ არსებობს მარტივი გზა აქამდე მისასვლელად". - თქვა ლანდსბერგისმა. 

ცნობისთვის, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად, პროცედურის მიხედვით, ევროპარლამენტის მოთხოვნის საფუძველზე ევროკომისიამ უნდა შეადგინოს სისტემური მონიტორინგის ანგარიში, რომელიც გამოავლენს იმ პრობლემებს, რის გამოც კონკრეტული ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი წარმოიშვა. შემდგომ, ევროკომისიამ უნდა აცნობოს ევროპულ საბჭოს, რომ რომელიმე მესამე სახელმწიფოსთან უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად საკმარისი გარემოებები არსებობს. საბოლოოდ, გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე სწორედ ევროპულ საბჭოში უბრალო უმრავლესობის პრინციპით მიიღება. უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების ვადად 12 თვეა განსაზღვრული, შესაბამისად, თავდაპირველად შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობა ადამიანებს 12 თვით შეეზღუდებათ.

შეჩერების მექანიზმის ინიციატივა შეიძლება წამოაყენოს ნებისმიერმა წევრმა სახელმწიფომ, რასაც შემდგომ ევროკომისია განიხილავს. თუ წევრების მარტივი უმრავლესობა, 55%, ანუ 27 წევრი ქვეყნიდან 15 ამ ნაბიჯის მომხრე იქნება, კომისია ვალდებულია, ეს ინიციატივა მიიღოს. შესაბამისად, ტყუილია ქართული ოცნების გენერალური მდივნის მტკიცება, რომ მხოლოდ პროცედურის დაწყებასაც კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვნება სჭირდება.

ინიციატივის განხილვის მაქსიმალური ვადა 9 თვეა, ამ პერიოდში უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხეში მყოფ ქვეყანას პრობლემის გადაჭრის და მოლაპარაკების საშუალებას ეძლევა. თუ კომისია დაადგენს, რომ კონკრეტულ მომენტში სახელმწიფოს წამოჭრილი პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია, კომისიას აქვს უფლება, ეს ვადა კიდევ 18 თვით გაახანგრძლივოს. 

ოცნება ცრუობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეუძლებელია - შეჩერების მექანიზმი დეტალურად

კომენტარები