15 ნოემბერს დე ფაქტო ოპოზიციის მხარდამჭერები აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში შეიჭრნენ.
ოკუპირებული აფხაზეთის მედიები საკანონმდებლო შენობიდან მოპოვებული დოკუმენტების ნაწილს აქვეყნებენ, რომლებიც მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ნეპოტიზმსა, კორუფციაში ამხელს.
17 ნოემბერს გამოქვეყნდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ქმარს, კომიკოსსა და რეჟისორს, ტიგრან კეოსაიანს სახელობით იარაღი გადაეცა. მედიაში წერენ, რომ კეოსაიანს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის წინაშე არანაირი დამსახურება არ აქვს.

18 ნოემბერს მედიაში კიდევ ერთი საბუთი გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ ე.წ. პრეზიდენტი თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ე.წ. რესპუბლიკის მოქალაქეებს გაურთულდეთ რეპატრიაციის საბუთების გაცემა.

იმავე პერიოდში გამოქვეყნდა რამდენიმე საბუთი, რომელზეც საბანკეტო სუფრების ხარჯებია აღწერილი. სუფრების ხარჯთაღრიცხვაში ძვირადღირებული პროდუქტები და კერძები წერია. მედიის მტკიცებით, მდიდრულ სუფრებს ბჟანია და სხვა მაღალჩინოსნები ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ხარჯთაღრიცხვაში ძვირადღირებული ღვინო შარდონეც არის, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ საკვები გაჭირვებულ ოჯახებს ხმარდებოდა.

18 ნოემბერს, დე ფაქტო ოპოზიციასა და მარიონეტული რეჟიმის მოლაპარაკებების პერიოდში მედიაში გავრცელდა ბჟანიას პირადი ჩანახატი. ფოტოზე ჩანს ისრებით დაკავშირებული სიტყვები, ასევე მარიონეტული მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილი გადაადგილებები.

19 ნოემბერს გამოქვეყნდა საბუთი, რომელშიც ე.წ. დეპუტატები ბჟანიას "საარჩევნო კამპანიის ფარგლებში" საწვავის დავალიანების დაფარვას სთხოვენ, რომელიც 2022 წლის კურსის გათვალისწინებით დაახლოებით $16 500-ს შეადგენს.
