სოხუმის დემონსტრაციების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავად თითქმის ნახევარი წლით ადრე ეპატიჟება.
როგორც მარიონეტი ლიდერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობიდან ჩანს, 2025 წლის 9 მაისის აღნიშვნაზე პუტინმა ბჟანია 18 ნოემბერს დაპატიჟა.
"რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აფხაზეთის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია დაპატიჟა დიდ სამამულო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავის აღნიშვნის ღონისძიებაზე, რომელიც 2025 წლის 9 მაისს გაიმართება." – ნათქვამია პოსტში, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.
პოსტს თან დართული აქვს პუტინის წერილიც, რომელშიც ის გამოხატავს საკუთარ რწმენას, რომ "მეგობრობისა და ურთიერთდახმარების კეთილი ტრადიცია" კვლავ იქნება "საიმედო საფუძველი ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობისთვის".
აქამდე კრემლში თქვეს, რომ მხარს უჭერენ აფხაზეთში ვითარების სწრაფად მოგვარებას და გამოთქვამენ იმედს, რომ სიტუაცია ე.წ. "კონსტიტუციურ კალაპოტში" დარჩება.
პარალელურად, ბჟანიას ოპოზიცია ე.წ. პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 2025 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს, თუმცა შეიძლება ის უფრო მალე დაინიშნოს, თუ მარიონეტი ლიდერი მოწინააღმდეგეების მოთხოვნას დათანხმდება.
ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები რუსეთთან გასაფორმებელი საინვესტიციო კანონი და მისი შინაარსი გახდა. ბჟანიას რეჟიმის ოპოზიციონერები ხაზს უსვამენ, რომ მათ რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, თუმცა მათთვის პრობლემას თავად ე.წ. პრეზიდენტი წარმოადგენს. დემონსტრანტებმა ე.წ. პარლამენტის შენობაში შეღწევა შეძლეს. ბჟანიას რეჟიმსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.





