17 ნოემბერს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ირანს რუსეთისგან S-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვა არ მოუთხოვია და ხაზი გაუსვა მათ მიერ დამზადებული სისტემების "უკეთეს შესაძლებლობებს".
"ჩვენი ამჟამინდელი სისტემები, S-400-ებთან შედარებით, ბევრად უკეთეს შესაძლებლობებს გვთავაზობს". - განაცხადა IRGC-ის საჰაერო-კოსმოსური ძალების ოპერაციების უფროსის მოადგილემ, დავუდ შეიხიანი, სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ინტერვიუში.
მან დაამატა, რომ ირანი უკვე აქტიურად იყენებს რუსულ S-300-ის ტიპი სისტემებს, ხოლო S-400-ების შესყიდვის საჭიროებას ვერ ხედავს.
დასავლეთში მოქმედი ირანული მედია Iran International-ის ცნობით, შეიხიანის განცხადების მიუხედავად, ბოლო წლების ცნობები აჩვენებს, რომ ირანი რუსეთისგან მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების, მათ შორის Su-35 ავიაგამანადგურებლებისა და S-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების, მიღებას ცდილობდა. თუმცა, მოსკოვს აღნიშნული შეიარაღება ირანისთვის ჯერ არ მიუწოდებია.
ირანის მთავრობის სააგენტოს ცნობით, რუსეთმა ირანისთვის S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდება 2016 წელს დაასრულა. რუსეთმა კონტრაქტი 2010 წელს დასავლური წნეხის გამო შეაჩერა, თუმცა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აკრძალვა 2016 წელს, ირანთან შეთანხმების დადების შემდეგ, მოხსნა.
შეიხიანის განცხადება, რომ ირანი S-300-ის სისტემების გამოყენებას განაგრძობს, წინააღმდეგობაშია ოქტომბერში ისრაელის დარტყმებთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებთან. ამერიკელი და ისრაელელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი საპასუხო იერიშის ფარგლებში, ისრაელმა ირანის უკანასკნელი სამი S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოიღო მიზანში და გაანადგურა.





