ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ცნობები, რომ ჰამასის ლიდერები თურქეთში არიან, სიმართლეს არ შეესაბამება – თურქი დიპლომატი

Photo: REUTERS/UMIT BEKTAS

თურქი დიპლომატის თქმით, მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ ჰამასის ლიდერები კატარიდან გაძევების შემდეგ თურქეთში იმყოფებიან, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს

Reuters-ის ცნობით, დიპლომატმა ასევე დასძინა, რომ პალესტინური ტერორისტული დაჯგუფების წევრები ქვეყანას უბრალოდ "დროდადრო სტუმრობდნენ ხოლმე".

NATO-ს წევრ თურქეთს მკაცრად გაუკრიტიკებია ისრაელი ღაზაში და ლიბანში სამხედრო ოპერაციების გამო. თურქეთი ასევე არ ცნობს ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციას. როგორც გამოცემა წერს, ჰამასის მაღალჩინოსნები "რეგულარულად სტუმრობენ თურქეთს". 

ცნობისთვის, ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის, KAN-ის ინფორმაციით, პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის მაღალჩინოსნები, კატარის მიერ მათი ქვეყნიდან გაძევების შემდეგ, თურქეთში იმყოფებიან. 

გამოცემა Times of Israel არაბ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ჰამასის ლიდერებმა კატარიდან თურქეთში გასულ კვირას გადაინაცვლეს. 

ცოტა ხნის წინ CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს მოთხოვნის საფუძველზე კატარი ქვეყნიდან ჰამასის ლიდერებს გააძევებდა. გასულ კვირას აღნიშნული ცნობები დოჰამ უარყო

ჰამას-ისრაელის ომის შეჩერების მიზნით, რამდენიმე კვირის წინ აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა კატარელ კოლეგებს განუცხადეს, რომ მათ დედაქალაქ დოჰაში ჰამასის ლიდერებისთვის თავშესაფრის მიცემა უნდა შეეწყვიტათ. როგორც CNN ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, კატარი წინადადებას დათანხმდა და ჰამასი ამის შესახებ გააფრთხილა.

"ჰამასი ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელმაც ამერიკელები დახოცა, ამერიკელი მძევლები ჯერ კიდევ რჩებიან მათ ტყვეობაში. მძევლების გათავისუფლების შესახებ მრავალი წინადადების უარყოფის შემდეგ, ჰამასის ლიდერებს აღარ უნდა ჰქონდეთ უფლება, იცხოვრონ აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის დედაქალაქში". - თქვა ანონიმურმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. 

ამის საპასუხოდ ჰამასის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ გავრცელებული ცნობები კატარის მიერ ჰამასის მაღალჩინოსნების ქვეყნიდან გაყრაზე დათანხმების შესახებ "უსაფუძვლოა" და აშშ-ს "წნეხის ტაქტიკაა". 

"რა ინფორმაციასაც ისრაელური მედია ავრცელებს აშშ-ს მოთხოვნით კატარის მიერ დოჰადან ჰამასის წევრების გაძევებაზე, უსაფუძვლოა და წნეხის უბრალო ტაქტიკაა. [ამგვარი ცნობები] ბევრჯერ [გავრცელებულა] მტკიცებულების გარეშე". - უთხრა CNN-ს ჰამასის მაღალჩინოსანმა. 

მძევლების დაბრუნებაზე მოლაპარაკებების განმავლობაში აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა კატარს რამდენჯერმე მოუწოდეს, ჰამასთან მოლაპარაკებების დროს ბერკეტად ქვეყნიდან გაძევების მუქარა გამოეყენებინათ. კატარისთვის ბოლო იმპულსი, აშშ-ს ამ მოთხოვნას დათანხმებოდა, ჰამასის მიერ ამერიკელ-ისრაელელი მძევლის, ჰერშ გოლდბერგ-პოლინის მკვლელობა და დაჯგუფების მიერ ცეცხლის შეწყვეტის ზავის კიდევ ერთი უარყოფა გახდა. 

კატარი ერთ-ერთი მთავარი აქტორია ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში, ვინაიდან ჰამასის ლიდერები დიდი ხანია, სწორედ დოჰაში ცხოვრობენ. ამ მიზეზით, მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესები სწორედ კატარის დედაქალაქში იმართება. 

"თუ როგორ გააძევებენ ჰამასის მაღალჩინოსნებს კატარიდან და სად წავლენ ისინი, უცნობია. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გვითხრა, რომ ქვეყნის დატოვებისთვის [კატარს] დაჯგუფებისთვის რაიმე განსაზღვრული ვადა არ მიუცია. მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრად შესაძლოა, თურქეთი განიხილებოდეს, დიდი ალბათობით, აშშ-ს მოვლენების ამგვარ განვითარებას არ დათანხმდება სწორედ იმავე მიზეზით, რატომაც იგი ამაზე არ დათანხმდა კატარს". - წერს CNN. 

სექტემბერში აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა 7 ოქტომბრის ტერორისტული აქტის დროს მოკლული, სულ მცირე, 43 ამერიკელი მოქალაქის საქმეზე ჰამასის პოლიტიკურ ლიდერს, იაჰია სინვარსა (რომელიც უკვე ლიკვიდირებულია) და ტერორისტული დაჯგუფების სხვა ლიდერებს ბრალი წაუყენა. ბრალდებულთაგან ერთ-ერთი, ხალედ მეშაალი, არსებული ინფორმაციით, სწორედ დოჰაში აფარებს თავს. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ზაფხულში ასევე მოუწოდა კატარს, ჰამასი გაეფრთხილებინა, რომ თუ დაჯგუფება ღაზაში ომის დასრულებაზე შეთავაზებულ ზავს არ დათანხმდებოდა, დოჰას დატოვება მოუწევდა. 

კომენტარები