საზოგადოებრივი ტრანსპორტი

კალაძე: ჰგონიათ, ავტობუსების ნაკლებობა გვაქვს, 2-ჯერ მეტი ავტობუსი ემსახურება თბილისს

თბილისში დაწყებული გვაქვს პრობლემური კვანძების მოწესრიგების სამუშაოები, რომლებიც დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. 18 მარტიდან სამუშაოები დაიწყება შემდეგ მონაკვეთებზე - ქეთევან დედოფლისა და ნავთლუღის ქუჩის კვეთა, მოსკოვის გამზირისა და მეველეს ქუჩის კვეთა, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, ჯავახეთის ქუჩისა და მოსკოვის გამზირის კვეთა.

აღნიშნულ საგზაო კვანძებზე მოეწყობა ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო საგზაო ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი შესაბამისი ზოლები, კერძოდ, ქეთევან დედოფლის გამზირისა და კაჩინსკის ქუჩის კვეთიდან ჯავახეთის ქუჩისა და მოსკოვის გამზირის კვეთამდე მოეწყობა ავტობუსის ზოლი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაჰყავს დღის განმავლობაში, ყველაზე მეტ ჩვენს მოქალაქეს ემსახურება, იყოს კომფორტული, გადაადგილება იყოს სწრაფი, ადამიანებს არ უწევდეთ გარკვეული დროის განმავლობაში ლოდინი გაჩერებებზე იმის გამო, რომ ავტობუსი და მიკროავტობუსი საცობში ფერხდება. ეს გარკვეული დისკომფორტია, რომელსაც შემდეგ ჯაჭვური რეაქცია აქვს და ადამიანებს ჰგონიათ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ანუ ავტობუსისა და მიკროავტობუსის ნაკლებობაა ქალაქში, რაც რეალურად სიმართლეს არ შეეფერება. ორჯერ მეტი ავტობუსი ემსახურება დღეს დედაქალაქის მოსახლეობას, ვიდრე ყვითელი ავტობუსების პირობებში ხდებოდა.

თუმცა, აღნიშნული საცობები გარკვეულ პრობლემებს ქმნის, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და იცით, რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტულობა, სწრაფად გადაადგილება და, რა თქმა უნდა, ეს დერეფნები ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს, რომ კომფორტული იყოს გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

თბილისის მერი კახა კალაძე.

კომენტარები