საია თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს და ცესკოს მიერ მიღებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას, არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.
"საია საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე ბრძოლას აგრძელებს. ხმის მიცემის ფარულობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი დარღვევა დაუშვებელია. ეს უფლება დემოკრატიული პროცესების საფუძველია, მისი უგულებელყოფა კი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციას არღვევს". - წერია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი 16 ნოემბერს წარადგინა.
ცესკოს შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებისთვის მინიჭებული საბოლოო შედეგები ასეთია:
- ქართული ოცნება, 1 120 053 ხმა (53.93%) - მანდატების რაოდენობა (89)
- კოალიცია ცვლილებისთვის, 229 161 ხმა (11.03 %) - მანდატების რაოდენობა (19)
- ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა 211 216 ხმა (10.17%) - მანდატების რაოდენობა (16)
- კოალიცია ძლიერი საქართველო 182 922 ხმა (8.81%) - მანდატების რაოდენობა (14)
- გახარია საქართველოსთვის 161 521 (7.78 %) - მანდატების რაოდენობა (12)