"სიგნალი იყო პირადად ივანიშვილის მხრიდან, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური დღის წესრიგიდან" - ამის შესახებ კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ TV პირველის ეთერში თქვა. მისი ცნობით, "მომაწოდეს ეს სიგნალი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მაგრამ ამ ქვეყნის გარედან". გვარამიას მტკიცებით, სანაცვლოდ ქართული ოცნების დამფუძნებელი ოპოზიციისგან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვდა.
TV პირველის დამაზუსტებელ კითხვაზე, "რას თმობდა ბიძინა ივანიშვილი, მხოლოდ კობახიძეს?", გვარამია პასუხობს, რომ "მთელ თავის პოლიტიკურ გუნდს, ყველას უკლებლივ".
კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი აცხადებს, რომ არავითარი მოლაპარაკება ქართულ ოცნებათან არ იქნება და მოლაპარაკება შესაძლებელია ერთადერთ საკითხზე - ხელახალი არჩევნები.
"25 ნოემბრამდე ბევრი რამ მოხდება, 25 ნოემბერი მნიშვნელოვანი თარიღია, მაგრამ არც პირველი თარიღი იქნება და არც უკანასკნელი. 25 ნოემბრამდე ბევრი რამე მოხდება ამ ქვეყანაში, რაც იქნება იმისი სიმპტომი და ინდიკატორი, რომ ქართული ოცნება უნდა შეეგუოს იმას, რომ მას მოუწევს ახალი არჩევნების ჩატარება.
ვერავითარი 25 ნოემბერი, ვერავითარი ახალი მთავრობა და ვერაფერი მსგავსი ქართულ ოცნებას ვერ გადაარჩენს. თუ არადა, ბატონ კობახიძეს მოვუყვებით, როგორ გამოდიან მოლაპარაკებაზე ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენთან, პირადად, იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, არამხოლოდ ჩვენი პარტია, რომ რაღაცნაირად ისაუბრებს, დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან ქართულ ოცნებასთან.
ამას თქვენთან ვამბობ ახლა პირადად და ეს ნამდვილად არ მეჩვენება. ახლა კობახიძეს სანამ არ მობეზრდება, იქამდე ატაროს მთავრობის სხდომები, რა თქმა უნდა, არავითარი მოლაპარაკება ქართულ ოცნებათან არ იქნება, მოლაპარაკება შესაძლებელია ერთადერთ საკითზე - ხელახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, კობახიძე არავის არ აღელვებს, საიდანაც უნდა, იქიდან ააორთქლოს ბიძინა ივანიშვილმა.
სიგნალი იყო პირადად ივანიშვილის მხრიდან, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური დღის წესრიგიდან, ახლა არ ვაპირებ დაზუსტებას, მაფრამ ეს სიგნალი ამ ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა. მე მომაწოდეს ეს სიგნალი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მაგრამ ამ ქვეყნის გარედან, პასუხიც იყო აბსოლუტურად ცალსახა - არავითარი ინტერესი არ გაგვაჩნია, ვის რას სთავაზობს ბიძინა ივანიშვილი...
ჩვენს ტერიტორიაზე არ მომხდარა ამ სიგნალების გაცვლა. ჩვენ გვყავს წარმომადგენლები და ასევე მათაც ჰყავთ ქვეყნის გარეთ წარმომადგენლები. მოხდა კონკრეტული ინფორმაციის გაცვლა, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა საერთოდ არ იფიგურირებდნენ არანაირ პოლიტიკურ დისკურსში. ოღონდ, ოპოზიცია უნდა დათანხმდეს, რომ რაღაცა ფორმით მაინც შედგეს თანამშრომლობა. არავითარი თანამშრომლობა არ შედგება" - თქვა გვარამიამ.
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მე-11 მოწევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.
17 ნოემბრის საღამოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ ოპოზიციამ კარვები გაშალა. კოალიცია ცვლილებისთვის და ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერების თქმით, იქნება 24-საათიანი, მშვიდობიანი აქცია.





