არჩევნები 2024

თსუ-ს სტუდენტები: ვგმობთ ძალადობას, გუშინდელ დღეზე პასუხისმგებელი, რექტორი სამუშიაა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 15 ნოემბრის სტუდენტურ საპროტესტო აქციას განცხადებით გამოეხმაურნენ. 

ცნობისთვის გუშინ, 15 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სტუდენტებმა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საპროტესტო აქცია გამართეს, პოლიციამ კი სტუდენტებსა და ლექტორებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სტუდენტები სრულ პასუხისმგებლობას თსუ-ის ლექტორს, ჯაბა სამუშიას აკისრებენ

"ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გუშინ შეგვეზღუდა საუნივერსიტეტო სივრცეში შესვლის უფლება, რაც რექტორმა ჯაბა სამუშიამ თვითნებურად გადაწყვიტა.

ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია საუნივერსიტეტო სივრცეში მყოფი სტუდენტებისა და ლექტორების მიწისქვეშა გვირაბით გაყვანა და მათ ზურგსუკან უნივერსიტეტის კარის ჩარაზვა.

ვგმობთ სამართალდამცავების მიერ საქართველოს ნათელი მომავლისთვის მებრძოლი სტუდენტების წინააღდმდეგ განხორციელებულ ძალადობას.

ჩვენი უნივერსიტეტი არამხოლოდ სასწავლო სივრცე, არამედ ჩვენი მეორე სახლია, ამიტომ გუშინდელი ღამე სტუდენტებმა, სიმბოლურად სწორედ უნივერსიტეტისთვის გავათენეთ.

ჩვენთვის მიუღებელია, რომ ჩვენს უნივერისტეტში, ჩვენს მეორე სახლში არ გვიშვებენ.გვიზღუდავენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასა და ცდილობენ ცენზურა დაადონ სასწავლო პროცესს.

მივმართავთ ჩვენს ლექტორებს, დადგნენ საკუთარი სტუდენტების გვერდით, დაუშვებელია, არ იდგე სტუდენტებთან ერთად ისტორიის სწორ მხარეს, როცა მათ უნივერსიტეტის ეზოში ფიზიკურად და სიტყვიერად უსწორდებიან.

გუშინდელ დღეზე პასუხისმგებელი სრულიად რექტორი ჯაბა სამუშია, ამიტომ მოვითხოვთ გაეცეს პასუხი შეკითხვას, თუ რატომ არ გვაძლევდნენ უფლებას შევსულიყავით უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის დროს.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტური პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც არ აპირებენ შეეგუონ გაყალბებულ არჩევნებს.

რადგან ვის თუ არა, ჩვენ, სტუდენტებს, ყველაზე კარგად გვესმის, რატომ უნდა ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

სტუდენტებო, მეგობრებო, თანაკურსელებო და არამარტო, შემოგვიერთდით, ახლა მხოლოდ მოქმედებისა და მოძრაობის დროა!

ეს უნივერსიტეტი გვეკუთვნის ჩვენ!" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სტუდენტთა პროტესტის მხარდამჭერი განცხადება თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტთა ნაწილმაც გაავრცელა.

თსუ-ს ლექტორი, გიორგი ბადრიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ მას უნივერსიტეტიდან არ უშვებდნენ, რათა სტუდენტები შიგნით არ შესულიყვნენ.

სტუდენტების მხარდასაჭერად თსუ-ში ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეებიც გადაადგილდნენ.

პროტესტის მონაწილეები შემდგომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ დაიძრნენ, მათი ნაწილი კი იქ შენობაში პროტესტის მიზნით ღამის გასათევად დარჩა.

მოგვიანებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადეს და პროტესტებში ასევე ჩაერთნენ.

სტუდენტების პროტესტს მხარდაჭერა ასევე გამოუცხადეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

კომენტარები