სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ისინი მხარს უჭერენ სტუდენტთა პროტესტს, უერთდებიან მას და არ აღიარებენ 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას.
"ჩვენ, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, არ ვაღიარებთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს”
ვიდგებით ისტორიის სწორ მხარეს!
ჩვენი თავისუფლების არჩევანი არ დავუთმოთ გაყალბებას!
მოდით, გაერთიანებული ძალით დავიცვათ საქართველოს ევროპული მისწრაფებები!" - წერია განცხადებაში.
აქამდე, სტუდენტთა პროტესტის მხარდამჭერი განცხადება თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტთა ნაწილმაც გაავრცელა.
გუშინ, 15 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სტუდენტებმა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საპროტესტო აქცია გამართეს, პოლიციამ კი სტუდენტებსა და ლექტორებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა.
თსუ-ს ლექტორი, გიორგი ბადრიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ მას უნივერსიტეტიდან არ უშვებდნენ, რათა სტუდენტები შიგნით არ შესულიყვნენ.
სტუდენტების მხარდასაჭერად თსუ-ში ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეებიც გადაადგილდნენ.
პროტესტის მონაწილეები შემდგომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ დაიძრნენ, მათი ნაწილი კი იქ შენობაში პროტესტის მიზნით ღამის გასათევად დარჩა.
მოგვიანებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადეს და პროტესტებში ასევე ჩაერთნენ.
სტუდენტების პროტესტს მხარდაჭერა ასევე გამოუცხადეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.





