დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

Axios: ოქტომბერში ისრაელმა ირანში მოქმედი ბირთვული იარაღის კვლევითი დაწესებულება გაანადგურა

ამერიკული გამოცემა Axios-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის ფარგლებში, ისრაელმა პარჩინის მოქმედი, ღრმად გასაიდუმლოებული, ბირთვული იარაღის კვლევითი დაწესებულება გაანადგურა. ინფორმაციას გამოცემა ამერიკელ და ისრაელელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელელი და ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ისრაელის დარტყმამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ბოლო წლის მანძილზე ირანის ძალისხმევას, განაგრძოს ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული კვლევა. მანამდე გავრცელებული ცნობებით, აღნიშნული ობიექტი აქტიური აღარ იყო.

ერთ-ერთმა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც დარტყმასთან დაკავშირებული დეტალები გააცნეს, განაცხადა, რომ ისრაელმა დახვეწილი აღჭურვილობა გაანადგურა, რომელიც გამოიყენება პლასტიკური ფეთქებადი მოწყობილობების შესაქმნელად, რაც ბირთვულ მოწყობილობაში ურანის გარშემორტყმისთვის გამოიყენება და მისი დეტონაციისთვის არის საჭირო.

ირანი უარყოფს, რომ ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ წინა კვირას თქვა, რომ "ირანს არ სურს ბირთვული იარაღი, წერტილი".


26 ოქტომბრის დილის საათებში, ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ირანში სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა. მალევე ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, ეს იერიში პასუხი იყო "ბოლო თვეებში ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ირანული რეჟიმის მხრიდან უწყვეტ თავდასხმებზე". 

ისრაელის მხრიდან ირანის სამხედრო ბაზებზე თავდასხმის შემდეგ, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელისა და აშშ-ს წინააღმდეგ "დამანგრეველი საპასუხო რეაქციით" დაიმუქრა.

კომენტარები