არჩევნები 2024

პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი – კობახიძე ოპოზიციაზე

ირაკლი კობახიძე

ყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი, შესაბამისად, როცა გაიმართება პარლამენტის პირველი სესია, ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეიცავს საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს. ჩვენ ეს მექანიზმები გამოვიყენეთ 4 წლის წინაც და გამოვიყენებთ რა თქმა უნდა, ახლაც. აქედან გამომდინარე, ასეთი ნაბიჯები, რაც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მხოლოდ და მხოლოდ პიარულ მიზნებზეა გათვლილი. ბუნებრივია, მეტი დატვირთვა ამას ვერ ექნება. ყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი, შესაბამისად, როცა გაიმართება პარლამენტის პირველი სესია, ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი. ამის შემდეგ თუ ვინმეს სურს, მიმართოს საქართველოს პარლამენტს ან ცესკოს სიების ჩახსნასთან, მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით, კი ბატონო, შეუძლიათ გააკეთონ, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ" - განაცხადა პრემიერმა.

გუშინ, 12 ნოემბერს, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობამ და კოალიციამ ცვლილებებისთვის ცესკოს საპარლამენტო სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს. ასევე, ძლიერი საქართველოს წევრებმა დაწერეს განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ისინი მანდატებზე უარს ამბობენ.

"პარლამენტში არშესვლაზე ჩვენი პოზიცია დიდი ხანია ნათქვამი გვაქვს, არც არაფერი შეცვლილა. 80-ჯერ განცხადების დაწერას არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ, რაც უპირობოდ დაკმაყოფილდება. პ.ს. სხვათაშორის განცხადებები დიდი ხნის წინ დავწერეთ". - წერს კუპრაძე ვიდეოს აღწერაში.

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის თქმით, ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში მყოფი კანდიდატების რეგისტრაციის გაუქმება კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის არც პარტიების და არც ინდივიდუალური განცხადებებით მიმართვის შემთხვევაში.

კომენტარები