გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მარკო რუბიოს დანიშნავს.
გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ ტრამპი, როგორც ჩანს, აღნიშნული პოსტისთვის რუბიოს კანდიდატურაზე შეჯერდა, თუმცა, ჯერ კიდევ შესაძლებელია, მან აზრი შეიცვალოს.
რუბიო სენატში 2010 წელს აირჩიეს და საგარეო პოლიტიკის მხრივ იგი ე.წ. "ქორად", ანუ ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრედ, ითვლება, განსაკუთრებით, ჩინეთის, ირანის, ვენესუელისა და კუბის მიმართ.
თუკი აღნიშნული ცნობა გამართლდა და ტრამპი რუბიოს სახელმწიფო მდივნად დანიშნავს, მაშინ ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი სენატში რუბიოს ადგილზე დროებით შემცვლელს დანიშნავს. შემცვლელი თანამდებობას 2026 წლის სპეციალურ არჩევნებამდე დაიკავებს, რომელშიც გამარჯვების შემთხვევაში მისი ვადა კიდევ 2 წლით გახანგრძლივდება.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუბიო ამბობდა, რომ აშშ-მ "ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინას პუტინის დამარცხებაში დაეხმაროს". ხოლო წინა წელს რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს ინტერესშია, უკრაინას თავის დაცვაში დაეხმაროს, თუმცა მან ხაზი გაუსვა ევროპელი მოკავშირეების მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერად მეტის გაკეთების საჭიროებას. ბოლო პერიოდში მარკო რუბიოს ნათქვამი აქვს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი უნდა დასრულდეს, რაც წინასაარჩევნოდ დონალდ ტრამპის გზავნილიც იყო.
"მე რუსეთის მხარეს არ ვარ, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა ის არის, რომ როგორც უკრაინაში ომი მიმდინარეობს დასასრული მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმებაა და მე მსურს, და ჩვენ გვსურს და ჩემი აზრით, დონალდ ტრამპს სურს, რომ უკრაინას ამ მოლაპარაკებებზე მეტი ბერკეტი ჰქონდეს". - განაცხადა მან სექტემბერში NBC-სთან საუბრისას.
ამას გარდა, რუბიო ღაზაში მიმდინარე ომსა და ჰეზბოლას წინააღმდეგ თავდასხმებში ისრაელის მხარდამჭერი იყო. იგი ასევე NATO-ს მტკიცე მხარდამჭერად ითვლება. რუბიო წარსულში სენატის სადაზვერვო და საგარეო საქმეთა კომიტეტებში მსახურობდა.