გამოცემა Axios-ი საკითხში გარკვეულ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კონგრესმენი მაიკ უოლცის დანიშვნას გეგმავს. აღნიშნული ცნობა პირველად Wall Street Journal-მა გაავრცელა.
უოლცი კონგრესში პირველად 2018 წელს აირჩიეს, სადაც მან ფლორიდის ამჟამინდელი გუბერნატორი, რონ დესანტისი, ჩაანაცვლა. იგი ასევე მსახურობდა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა და სადაზვერვო კომიტეტებში.
ამასთანავე, უოლცი ჩინეთის წინააღმდეგ ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრედ ითვლება. მან 2021 წელს განაცხადა, რომ აშშ ჩინეთთან მიმართებით "ცივ ომში" იმყოფება.
2022 წელს უოლცმა უკრაინისთვის "ლენდ-ლიზის" ამოქმედებას დაუჭირა მხარი. მას ნათქვამი აქვს, რომ "უკრაინაში რუსეთის შეჩერება" აშშ-ს მხრიდან სწორი იქნება. ომის დაწყების შემდეგ კი უოლცი ბაიდენის ადმინისტრაციას 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსეთის "ვერშეკავებისთვის" და ასევე სუსტი საგარეო პოლიტიკისთვის აკრიტიკებდა.
ასევე ხაზგასასმელია, რომ 22 აპრილს უოლცმა აშშ-ს კონგრესში ფილმი "ბუჩამდე იყო აფხაზეთის" ჩვენებას უმასპინძლა.





