რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სიბიჰა: ზელენსკისა და ტრამპს შორის დიალოგი უკვე დაწყებულია, შეხვედრის მომზადება იწყება

ანდრიი სიბიჰა
Sean Gallup/Getty Images

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ თქვა, რომ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიალოგი უკვე დამყარებულია, რაზეც მათი სატელეფონო საუბარი მიუთითებს. მისივე თქმით, გუნდების მიერ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის მომზადება იწყება. 

ამის შესახებ სიბიჰამ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

"პრეზიდენტ ზელენსკისა და არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს შორის დიალოგი უკვე დაწყებულია. სატელეფონო საუბრის დაწყების სიჩქარე სახელმწიფოების მეთაურებს შორის არსებული პირდაპირი დიალოგის მტკიცებულებაა. 

რა თქმა უნდა, განხილული იყო შესაძლო მომავალი კონტაქტები ლიდერების დონეზე. შეთანხმებული იყო, რომ ჯგუფები შეხვედრის ორგანიზებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს დაიწყებდნენ". - თქვა სიბიჰამ. 

სიბიჰამ ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკი ერთ-ერთი პირველი მსოფლიო ლიდერი იყო, რომელიც ტრამპს ტელეფონზე მისი არჩევის შემდეგ ესაუბრა. 

"ეს კარგი საუბარი იყო, გულწრფელი საუბარი, რომელშიც შემდგომი ქმედების შესახებ აზრების გაცვლა შედგა. ჩვენ ლიდერების დონეზე ასეთ კონტაქტის იმედი გვაქვს. [...] საუბრის დროს ასევე განხილული იყო მომდევნო ნაბიჯები გუნდებს შორის კომუნიკაციის არხების ჩამოყალიბებისთვის. ამიტომ, ჩვენ შემდგომი თანამშრომლობისთვის ღია ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანს სამართლიანი მშვიდობის მიღწევისა და რუსული აგრესიის შეჩერების მიზანი გვაერთიანებს". - თქვა სიბიჰამ. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დაამატა, რომ ზელენსკი ტრამპს ჯერ კიდევ სექტემბერში შეხვდა, როცა ის არჩევნებში კენჭს იყრიდა და მას უკრაინის შეხედულება გააცნო სამართლიანი მშვიდობის მიღწევის შესახებ.

"ეს ფილოსოფია ასევე გამოხატული იყო აშშ-ს ახლად არჩეულ პრეზიდენტთან პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვაში, ანუ მშვიდობა ძალის მეშვეობით". - თქვა სიბიჰამ. 

მანამდე, გამოცემა Axios ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი ზელენსკისთვის გარკვეულწილად იმედისმომცემი იყო. 

"არაფერი, რაც ზელენსკიმ და მისმა თანაშემწეებმა ტრამპისგან პირადად მოისმინეს, არ ყოფილა შემაშფოთებელი ან უგრძნობინებია, რომ უკრაინა იქნება ის, რომელიც ფასს გადაიხდის". - თქვა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც საუბარი მოისმინა.

ტრამპისთვის გამარჯვების მილოცვის დროს ზელენსკიმ თქვა, რომ გლობალურ საქმეებში "მშვიდობა ძალის მეშვეობით" მიდგომისადმი ტრამპის ერთგულებას აფასებს. 

"ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის გლობალურ საქმეებში "მშვიდობა ძალის მეშვეობით" მიდგომისადმი ერთგულებას. ეს არის ზუსტად ის პრინციპი, რომელსაც პრაქტიკულად შეუძლია უკრაინა მიაახლოვოს მშვიდობას. იმედი მაქვს, რომ ერთად განვახორციელებთ მას". - თქვა ზელენსკიმ. 

კომენტარები