Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კატარი ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებში შუამავლობას წყვეტს, სანამ მხარეები მოლაპარაკებებისთვის "გულწრფელ სურვილს" არ გამოავლენენ.
როგორც წყარომ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, ჰამასს, ისრაელსა და აშშ-ს ადმინისტრაციას აცნობეს, რომ შუამავლობას იმ შემთხვევაში გააგრძელებენ, თუ ჰამასი და ისრაელი "ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების გულწრფელ სურვილს არ გამოხატავენ".
"კატარელები კონფლიქტის დაწყებიდან ამბობდნენ, რომ შუამავლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ორივე მხარე რეზოლუციის პოვნის გულწრფელ ინტერესს გამოხატავს". - თქვა გამოცემასთან საუბრისას ანონიმურმა მაღალჩინოსანმა.
გამოცემა ანომიმურ პალესტინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ჰამასის მხრიდან ამას ოფიციალური პასუხი არ მოჰყოლია.
"ჰამასი კომენტარს არ გააკეთებს, სანამ ამის შესახებ კატარი ოფიციალურად არ აცნობებს. ჯერჯერობით ეს მედიასთან საუბარია". - თქვა პალესტინელმა მაღალჩინოსანმა.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ კატარი აშშ-ს მოთხოვნას დააკმაყოფილებს და მომდევნო კვირების განმავლობაში ქვეყნიდან პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის ლიდერებს გააძევებს.
კატარი ერთ-ერთი მთავარი აქტორი იყო ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში, ვინაიდან ჰამასის ლიდერები დიდი ხანია, სწორედ დოჰაში ცხოვრობენ. ამიტომ, მხარეებს შორის მოლაპარაკებები სწორედ კატარის დედაქალაქში იმართებოდა.
სექტემბერში აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა 7 ოქტომბრის ტერორისტული აქტის დროს მოკლული, სულ მცირე, 43 ამერიკელი მოქალაქის საქმეზე ჰამასის პოლიტიკურ ლიდერს, იაჰია სინვარსა (რომელიც უკვე ლიკვიდირებულია) და ტერორისტული დაჯგუფების სხვა ლიდერებს ბრალი წაუყენა. ბრალდებულთაგან ერთ-ერთი, ხალედ მეშაალი, არსებული ინფორმაციით, სწორედ დოჰაში აფარებს თავს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ზაფხულში ასევე მოუწოდა კატარს, ჰამასი გაეფრთხილებინა, რომ თუ დაჯგუფება ღაზაში ომის დასრულებაზე შეთავაზებულ ზავს არ დათანხმდებოდა, დოჰას დატოვება მოუწევდა.