საქართველო-გერმანია

როთი კობახიძეს: საქართველოში დემოკრატიაზე ვნერვიულობთ, რატომ? შევხვდეთ და ვისაუბროთ!

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ზე პრემიერ ირაკლი კობახიძეს პასუხობს და მოუწოდებს, რომ გერმანიის კანცლერზე არ ინერვიულოს და საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის შესახებ გერმანიის შეშფოთებების განსახილველად თბილისში შეხვედრას სთავაზობს. 

"ძვირფასო ირაკლი კობახიძე, ჩვენს კანცლერზე ნუ იდარდებთ, მაგრამ ჩვენ საქართველოში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე ძალიან ვნერვიულობთ. რატომ? მოდით, შევხვდეთ და ვისაუბროთ! მსურს, თბილისში თქვენს საყვარელ კაფეში დაგპატიჟოთ. ორშაბათს ხომ არ გეცლებათ?" - წერს როთი.

გუშინ, 8 ნოემბერს,  საქართველოს პერმიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უკვირს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თავისი პრობლემების ფონზე საქართველოს განსახილველად როგორ მოიცალა.

"ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის არ ვიცი, მას დაეშალა კოალიცია და უახლოეს მომავალში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები". - თქვა კობახიძემ.

მანამდე, გერმანიის მმართველი შუქნიშნის კოალიცია, რომელიც სამი პარტიისგან: გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD), თავისუფალი დემოკრატებისა (FDP) და მწვანეებისგან შედგებოდა, დაიშალა.

7 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. 

კომენტარები