ცენტრალური საარჩევნო კომისიის მტკიცებით, 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს, კენჭისყრის პროცესში ამომრჩევლის ხმის ფარულობა არ დარღვეულა, რადგან საარჩევნო ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჩარჩო-კონვერტის პარამეტრები "მოდელირებული იყო იმგვარად, რომ სრულად ფარავდა საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალს".
როგორც ცესკოს წარმომადგენელი აღნიშნავს, ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით, ელექტრონულ ხმის მთვლელ აპარატებში ბიულეტენის შეცურება შესაძლებელი იყო ისე, რომ ამომრჩევლის ხმის ფარულობა სრულად ყოფილიყო დაცული.
"როგორც მოგეხსენებათ და დავის ფარგლებში გუშინ როდესაც ვსაუბრობდით, ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ საარჩევნო ადამინისტრაციამ, ჯერ კიდევ 2018 წლიდან, როდესაც პირველად იქნა შეთავაზებული ამომრჩევლისთვის ელექტორნული მთვლელი აპარატების გამოყენებით კენჭისყრაში მონაწილეობა ფარულობის პრინციპის უზრუნველმყოფი მთავარი მექანიზმი იყო და არის ჩარჩო-კონვერტი - აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ჩარჩო-კონვერტთან მიმართებით ხდებოდა შესაბამისი ფარულობის პრინციპის უზრუნველყოფის გატესტვა.
ჩარჩო-კონვერტი ყველა შემთხვევაში შემუშვდა ისე, რომ ის სრულად ფარავდა საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალს ისე, რომ იმ შემთხვევაში, როცა ამომრჩეველი დააფიქსირებდა თავის არჩევანს ბიულეტენის გამოყენებით, შემდეგში მოთავსდებოდა ჩარჩო-კონვერტში აღნიშნული ბიულეტენი - საერთო ჯამში უზრუნველყოფილი იყო და არის ბიულეტენის ფარულობა სრულად.
ცესკომ გააკეთა ყველაფერი, კერძოდ - ჩარჩო-კონვერტი კვლავინდებურად იყო შეთავაზებული ამომრჩევლისთვის და მოდელირებული იყო იმგვარად, მისი პარამეტრები იყო ისე, რომ ის სრულად ფარავდა საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალს.
ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით, შეცურება იყო შესაძლებელი ასევე იმგვარადვე, რომ სრულად ყოფილიყო უზრუნველყოფილი ფარულობის პრინციპი.
ბიულეტენის ქაღალდი ცესკომ შეიძინა იმ პარამეტრების გათვალისწინებით, რომელიც ვენდორმა კომპანიამ მოაწოდა ცესკოს და აქედან გამომდინარე, ეს პარამეტრები სრულად იყო დაცული - საბოლოო ჯამში, ჩარჩო-კონვერტთან ერთად, ფარულობის პრინციპი, ვფიქრობთ, რომ სრულად იყო დაცული". - თქვა ცესკოს წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, 4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა და საარჩევნო უბნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა.
30 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, საია ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა. ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობდა, რომ ხმის ფარულობის პრინციპი მასობრივად დაირღვა. საიას საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებში 31 ოქტომბერს, 18:00 საათიდან დაიწყო. პროცესი კი სასამართლოში გაგრძელდა.
3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას სარჩელი არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა - დაეთვალიერებინა შემთხვევითი შერჩევით უბნების დალუქული ბიულეტენები და საქმეში მესამე პირად ჩაერთო ცესკო.





