თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გრძელდება. ოპოზიციის სახელით განცხადება კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ "თავისუფლებისთვის ბრძოლა არ არის რაღაცა ნამცხვრის ჭამა და თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ყოველდღიური ბრძოლა". ხაზარაძის თქმით, ელოდებიან, რას გადაწყვეტს სააპელაციო სასამართლო ხმის ფარულობასთან დაკავშირებულ სარჩელებზე და ამის შემდეგ, გადაწყვეტენ, როგორ იმოქმედებენ.
"გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ეს პარლამენტი არ იქნება ლეგიტიმური... არ არსებობს პარტიული ზღვარი ახლა, არ არსებობს - ვინ ვინ არის, არსებობს ერთი რამე - სამშობლო, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, სამართლიანი და აღმავლობის გზაზე დამდგარი ჩვენი ჩართულობით და მოქალაქეების ჩართულობით ან იქნება განწირული იმისთვის, რომ აქ რუსმა ჩინოვნიკმა გადაწყვიტოს, როგორ ვიცხოვროთ ჩვენ. ეს არ მოხდება არავითარ შემთხვევაში.
ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ თბილისელებს ვუთხრა პირველ რიგში - ჩვენ გაყალბების მიუხედავად არჩევნები მოვიგეთ თბილისში, ეს არის დიდი რაღაცა - თბილისმა გადაწყვიტა, რომ ეს მთავრობა მათ არ სჭირდებათ, მაგრამ მარნეულმა, ბოლნისმა გადაწყვიტა, რომ მათ ეს მთავრობა სჭირდებათ. არანაირ კნონობითი არ არის მარნეულში ან ბოლნისში, კნინობითი არის ის, როგორ აცხოვრებენ რეგიონებში ქართული ოცნების ჩინოვნიკები ჩვენს თანამოქალაქეებს. ამიტომ, თბილისი უნდა გამოფხიზლდეს, გამოვიდეს და პასუხი გასცეს ამ სიყალბეს, ჩვენ ამ არჩევნებს არ შევეგუებით, საქართველოში აუცილებლად დაინიშნება ახალი არჩევნები" - თქვა ხაზარაძემ.
კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი ამერიკის არჩევნებსაც გამოეხმაურა და დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა.
"ეს არის ამერიკელი ხალხის ნების გამოხატულება და ეს არის მათი არჩევნები და მინდა, მივულოცო. მაგრამ აქვე შევახსენებ, რომ ივანიშვილის მთავრობა იყო, რომელმაც როცა ანაკლია გააჩერეს, ის კომპანია, რომელიც ტრამპის უახლოეს მეგობარს, მისი ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეს [ეკუთვნის], და აკეთებდა ინვესტიციას ჩვენ კომპანიაში, ის გააგდეს ამ ქვეყნიდან, მე გავახსენებ მას.
მე გავახსენებ, რომ პომპეო, ტრამპის სახელმწიფო მდივანი იყო, რომელმაც თქვა, რომ ჩინეთი და რუსეთი არ არიან თქვენი მეგობრები, სასწრაფოდ დაამთავრეთ ანაკლია.
ამათ ილუზია არ ჰქონდეთ, რაღაც ხორხოცი რომ აქვთ, რომ ტრამპი მოვა და ოცნება გაიმარჯვებს. არა, მეგობრებო, თქვენ ნახავთ, როგორი პოლიტიკა იქნება, ზუსტად ისეთი, როგორიც იყო ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ადმინისტრაციები იცვლებიან, პრეზიდენტები იცვლებიან, მაგრამ მხარდაჭერა და მეგობრობა არასდროს შეუჩერებიათ მათ, ამიტომ დავდგეთ ერთად, ვიბრძოლოთ ერთად, თქვენთან ბრძოლა არის ჩემთვის დიდი პატივი, ყველანაირი საფრთხე გადადეთ გვერდზე, როცა ვართ ერთად, ვერ მოგვერევიან, ეს გამარჯვება იქნება ქართველი ხალხის" - მიმართა ხაზარაძემ აქციის მონაწილეებს.





