აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამარჯვების შემდეგ, ამერიკელ ხალხს მიმართა და მადლობა გადაუხადა.
"მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს იყო ყველა დროის ყველაზე დიდებული პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ ქვეყანაში ყოფილა. ჩვენ მივაღწევთ ახალ დონეს, ჩვენ დავეხმარებით ჩვენს ქვეყანას განკურნებაში. ჩვენს ქვეყანას დახმარება სჭირდება. გამოვასწორებთ ჩვენს საზღვრებს და ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში. დღეს ისტორია გარკვეული მიზეზით დაიწერა, ჩვენ დავძლიეთ დაბრკოლებები, რომლებსაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა. ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე წარმოუდგენელ პოლიტიკურ გამარჯვებას. ეს პოლიტიკური გამარჯვებაა, რომლის მსგავსიც ჩვენს ქვეყანას არასდროს უნახავს.
მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს განსაკუთრებული პატივისთვის , რომ ამირჩიეთ თქვენს 47-ე პრეზიდენტად. თითოეული მოქალაქისა და მათი ოჯახისთვის, მათი მომავლისთვის ვიბრძოლებ. თითოეულ დღეს ვიბრძოლებ თქვენთვის, არ გავჩერდები, ვიდრე არ მივაღწევთ, ძლიერ, უსაფრთხო და კეთილდღეობის მქონე ამერიკას, რომელსაც ჩვენი შვილები იმსახურებენ. ეს ნამდვილად იქნება ოქროს ხანა ამერიკისთვის, ეს არის დიდებული გამარჯვება ამერიკელი ხალხისთვის, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, კვლავ დიდებული გავხადოთ ამერიკა". - თქვა ტრამპმა.
ამ მომენტისთვის, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 267 ხმა აქვს მიღებული, კამალა ჰარისს კი 224. საბოლოო გამარჯვებისთვის, საპრეზიდენტო კანდიდატმა 270 ხმა უნდა მიიღოს. აღსანიშნავია, რომ ხმების დათვლა ამ დრომდე 6 შტატში მიმდინარეობს, მათგან 5-ში კი ტრამპი იგებს.





