პარტია გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, პარტიის წევრ ლია ყოჩიშვილსა და მამამისზე თავდამსხმელი პირი, მცხეთის საკრებულოს დეპუტატის ძმა დააკავეს.
"ჩვენი ინფორმაციით, და ეს ინფორმაცია დაზარებულმა მიიღო გამომძიებლისგან, დაკავებულია მოძალადე, ოღონდ ბოლო ეპიზოდის მოძალადეს ვგულისხმობ. თუმცა, ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, ის არის დაკავებული 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას, ეს არის საკმაოდ მსუბუქი მუხლი.
რეალურად, ჯერ ამ ადამიანს აჯახებდნენ მანქანას, პრაქტიკულად, მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, ამ საქმეში ჩართული იყო სხვა პირი, დიმიტრი ხუნდაძის კრიმინალური დაჯგუფების წევრი. შემდეგ, მეორე ეპიზოდი გვახსოვს, როცა ლია ყოჩიშვილის დედაზე განხორციელდა სიტყვიერი თავდასხმა და უკვე მესამე ეპიზოდი, როდესაც სახლში თავს დაესხნენ ლია ყოჩიშვილს და მის მოხუც მამას. ჩვენი პოზიციაა, რომ აუცილებლად უნდა გადაიხედოს კვალიფიკაცია, თუ სრულყოფილ გამოძიებაზე ვსაუბრობთ და დაველოდებით აღკვეთის რა ღონისძიებას გამოიყენებენ". - თქვა მეზვრიშვილმა.
ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა და დამატებით დეტალებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
"მცხეთის რაიონის კორუმპირებული ფეოდალის - დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრი - გიორგი მურჯიკნელი შეეცადა, ჩვენი გუნდის ერთგულ მხარდამჭერ ლია ყოჩიშვილისთვის, სოფელ ქსანში, მანქანა დაეჯახებინა" - ამის შესახებ პარტია გახარია საქართველოსთვის დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ სოციალურ ქსელში 12 ოქტომბერს დაწერა.





