პარტია გახარია საქართველოსთვის ინფორმაციით, ზეწოლის გამო ჩვენი პარტიის წარმომადგენელი მასწავლებელი სტაციონარში გადაიყვანეს
პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, შორენა შამათავას, რომელიც სექტემბრის დასაწყისში პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს სოფელ ნოქალაქევის სკოლის დირექტორობიდან, დღეს ოცნების წარმომადგენლები ავიწროვებენ და ცდილობენ, მასწავლებლის პოსტიც დაატოვებინონ.
"გუშინ მატყუარა კობახიძემ განაცხადა, რომ გვაქვს უპრეცედენტოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო და ეს პროცესი მიმდინარეობს თავისუფალ და სამართლიან გარემოში.
სიმართლე არის შემდეგი, ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ღირსეულ წარმომადგენელს, რომელიც აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს სენაკის სოფელი ნოქალაქევის სკოლის დირექტორობიდან, დღეს მის მიმართ გაგრძელდა დევნა, შევიწროება და იძულება, რათა მან დატოვოს ამჯერად უკვე რიგითი მასწავლებლის პოზიცია სკოლაში გამოგონილი მიზეზით. ამ ადამიანზე დღეს განხორციელდა პრაქტიკულად ზეწოლა სკოლის დირექტორის მხრიდან, რომელი სკოლის დირექტორიც გახლავთ ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლე. ადამიანი, რომელიც ათეულობით წელი ემსახურებოდა სკოლას და უამრავი თაობა აღზარდა, აგვისტოს ბოლოს მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს სკოლის დირექტორობიდან, რომ ეს ადამიანი ნახეს გიორგი გახარიასთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი რაიონში, მის ადგილზე კი დანიშნეს პოლიციის მაღალჩინოსნის - ირაკლი გვასალიას მეუღლე - ნანა ჯგერენაია.
სკოლა რეალურად სრულად დაკომპლექტებულია უკვე ოცნების პარტიული აქტივით და მიმდინარეობს გამუდმებით შევიწროება, შორენას პერიოდულად უთვლიან, რომ დატოვოს რიგითი მასწავლებლის პოზიციაც იმიტომ, რომ ის არის პოლიტიკური პარტია გახარია საქართველოსთვის ძალიან ღირსეული წარმომადგენელი.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს მივმართოთ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ამავდროულად, სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც დღეს მოხდა ანუ ერთი და იგივე ადამიანის მიმართ უკანონობა ჩაიდინეს მეორედ, ამ ფონზე ჩვენი მატყუარა პრემიერი გვეუბნება, რომ თურმე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, პირველ რიგში, კობახიძეს, რომელიც საზოგადოებას ატყუებს, პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლის მიერ 26 ივლისს ჩადენილი მუქარის გამოძახილია ეს ყველაფერი, რასაც სისტემური ხასიათი აქვს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, რამდენიმე სკოლის დირექტორი კიდევ გაათავისუფლეს რამდენიმე კვირის წინ პოლიტიკური ნიშნით თანამდებობებიდან და ჩვენი საარჩევნო კამპანიისას მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან აქტიური თვალთვალი.
ის, რასაც ხელისუფლება ამბობს არის სრული სიცრუე, რეალობა არის რადიკალურად განსხვავებული, წინასაარჩევნო გარემო არის ძალადობრივი, არასამართლიანი და ჩვენ ამის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დამკვირვებლებს". - თქვა მეზვრიშვილმა.





